საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65 კგ) და დავით ქერაშვილმა (97 კგ) ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს.
სატურნირო ბადეში ორივე წონით კატეგორიაში 20-20 სპორტსმენი გადანაწილდა. მათგან 12-12 საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო. ქართველებს კი ხალიჩაზე პირველსავე წრეში მოუხდათ გასვლა.
ხაბალაშვილმა ევროპირველობა იტალიელი ანჯელო კოსტას ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ კურბანალიევს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – წუთსა და 46 წამში 0:10 წააგო და ისღა დარჩენია, კურბანალიევის ფინალში გასვლას უქომაგოს, თავად რეპეშაჟში რომ გადაერთოს.
ქერაშვილმა პირველსავე მეტოქესთან - გერმანელ ვილიამ ჰარტთან წააგო. ამ უკანასკნელმა კი რუსეთის ნაკრების წევრ აბდუსალამ გადისოვთან წაიფორხილა და საქართველოს ნაკრების წევრს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
ხვალ მედლები 57 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და ბექა ლომთაძე (61 კგ) იჭიდავებენ.