კალათბურთი

4:17 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში და ბერლინს მიღმა

წილისყრა 15 ნოემბერს შედგება და გერმანია-თურქეთს ავცდებით


2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 15 ნოემბერს შედგება, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კი ბოლოსწინა მე-5 კალათაში იქნება განთესილი. მომავალი ევრობასკეტის შესახებ ახალი ცნობები რამდენიმე ევროპულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და როგორც სჩანს, უახლოეს დღეებში მათ ფიბა-ევროპა ოფიციალურად გაახმაურებს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოსთან ერთად მე-5 კალათაში იმყოფება გერმანიაც, რაც იმის მომასწავებელია, რომ პირველ ეტაპზე ქართველი კალათბურთელების ბერლინში თამაში გამოირიცხა. ამდენად, რჩება 3 ვარიანტი – მონპელიე (საფრანგეთი), ზაგრები (ხორვატია) და რიგა (ლატვია). უფრო მეტიც, უკვე ცნობილია, რომ ჩვენს ნაკრებს მეტოქედ ვერც თურქეთი ერგება, რომელიც გერმანელებმა... პარტნიორ ქვეყნად აირჩიეს.

დიახ, ეს ფიბა-ევროპას კიდევ ერთი ნოვაციაა, რომლის არსიც შემდეგშია. ევროპირველობის მასპინძელ ქვეყნებს, რომლებიც, როგორც იცით, ოთხნი არიან, უფლება მიეცათ, ტურნირის უკეთ ორგანიზებისთვის, ფინალისტთაგან ერთ-ერთი კალათბურთის ფედერაცია შეერჩიათ და შესაბამისად, იმ ქვეყნის ნაკრებიც მათ ჯგუფში მოხვდებოდა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ხორვატიამ და ლატვიამ მეზობლები, შესაბამისად, სლოვენია და ლიტვა შეარჩიეს, საფრანგეთმა ფინელები “დაპატიჟა”, ხოლო გერმანიამ – თურქეთი. სწორედ ამიტომაც, აღვნიშნეთ, რომ ქართველ კალათბურთელებს წილისყრისას არა მარტო გერმანია, არამედ თურქეთიც აცდებათ, რაც ცუდი ნამდვილად არაა.

ცნობისთვის, 24 ფინალისტი ექვს ოთხგუნდიან კალათაშია გადანაწილებული, პირველი კვარტეტი კი გასული ევრობასკეტის ნახევარფინალისტებმა შეადგინეს. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშევი გუნდები და ისინი მოდიან, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

1-ლი კალათა: ხორვატია, საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი.

მე-2 კალათა: სერბეთი, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი.

მე-3 კალათა: საბერძნეთი, ლატვია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი.

მე-4 კალათა: იტალია, პოლონეთი, ბელგია, მაკედონია.

მე-5 კალათა: გერმანია, ისრაელი, ჩეხეთი, საქართველო.

მე-6 კალათა: რუსეთი, ჰოლანდია, ისლანდია, ესტონეთი.

კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, ჯერჯერობით, არაოფიციალური ინფორმაციაა, თუმცა, ლოგიკასთან საკმაოდ ახლოსაა და ალბათ, განთესვა სწორედ ამგვარი იქნება.

0.108513