ჩოგბურთი

1:02 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები 16-19 აპრილს ფედერაციის თასზე ითამაშებს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები სოფო შაფათავას, ოქსანა კალაშნიკოვას, ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას შემადგენლობით ლიტვის ქალაქ შიაულაიში იმყოფება, სადაც 16-19 აპრილს ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში იასპარეზებს.

დღეს გამართული წილისყრის შედეგად, ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად სამხრეთ აფრიკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ეგვიპტე ეყოლებათ. კალენდრის თანახმად, 16 აპრილს საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ეგვიპტის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერია, რომელსაც სათამაშო კარიერა ჯერაც არ დაუსრულებია. ნაკრების პირველი ჩოგანი კი შაფათავა გახლავთ, რომელსაც განახლებულ რეიტინგში მე-200 ადგილი უკავია.

სავარაუდოა, რომ ჯგუფში უმთავრესი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება, რომლის ლიდერ ჩანელ სიმონდს კლასიფიკაციაში 211-ე პოზიცია უპყრია. საერთოდ კი, II ჯგუფის გუნდების წარმომადგენელთა შორის საუკეთესო მაჩვენებლები ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს (140-ე) და ლიხტენშატინელ შტეფანი ვოგტს (152-ე) გააჩნიათ. 

ჩერნოგორიელები და ლიხტენშტაინელები A ჯგუფში მასპინძელ ლიტვასთან და ფინეთთან ერთად ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ფინალისტები კი 2015 წლისთვის I ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ისიც ვთქვათ, რომ 8 ნაკრებიდან 2 უარესი საგაისოდ III ჯგუფში დაქვეითდება.

0.113251