ტოტალიზატორი “ლიდერ-ბეთი” ყოველ მეორე ხუთშაბათს საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ვეტერან სპორტსმენს მასპინძლობს. ამჯერად “ლიდერ-ბეთმა” საქართველოს ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენს (მსოლფიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი, პირველი ქალბატონი, რომელსაც ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა, ყოფილი საბჭოთა კავშირის 5-გზის ჩემპიონი...) საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა.
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ქალბატონი ნონა ჭადრაკის თამაშს ახლაც აგრძელებს და სინიორთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან უმედლოდ არასოდეს ბრუნდება.
ნონა გაფრინდაშვილი: “სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. სპორტი ჩემი სამყაროა და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მაგალითად, გუშინ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ვიყავი წამოსასვლელი, მთელი ღამე სპორტულ გადაცემებს ვუყურე და ძალიან ვისიამოვნე. მოიგო ჩოგბურთში ჩემმა ფავორიტმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (სერბეთი). ძალიან გამიხარდა “რეალის” წაგება, რადგან “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ. ამ ბოლო დროს მიუნხენის “ბაიერნსაც” ვქომაგობ, რომლის მთავარ მწვრთნელად “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა მუშაობს. ასევე მომწონს გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დორტმუნდის “ბორუსია”, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. არ მიყვარს ჟოზე მოურინიუ და თუ რატომ, დაინტერესებულ პირებთან შემიძლია ამაზე სხვა დროს ვისაუბრო.
ერთხელ მე და ჭადრაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ქეთინო არახამია, რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, უცხოეთში მივფრინავდით. ჩვენმა რეისმა დააგვიანა და ცოტა ხნით აეროპორტში შევყოვნდით. ამავე რეისით მგზავრობდნენ ცნობილი ფეხბურთელები: ოლეგ ბლოხინი (უკრაინა) და გენადი ლოგოფეტი (რუსეთი). ბლოხინმა იცოდა ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ამ სფეროში რამდენიმე კითხვა დამისვა. ლოგოფეტიც დაინტერესდა ჩემი ფეხბურთისადმი დამოკიდებულებით. ჩვენი საუბარი იმით დასრულდა, რომ ლოგოფეტმა მე და არახამიას ძვირფასი შარფები გვისახსოვრა.
სეოკის (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) პრეზიდენტობის დროს სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) პრეზიდენტ ხუან ანტონიო სამარანჩის ვუთხარი: “პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, პროცენტულად ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს-მეთქი”. სამარანჩმა მიპასუხა: “არ გეთანხმები, საქართველო სპორტის დიდი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება”.
სპორტი ყველა ოჯახში უნდა იყოს რაღაც კუთხით, მთავარია მონდომება და ეტაპობრივად ყველაფერი მოვა. მაგალითისთვის, ჩვენი მორაგბეები მინდა დავასახელო. რამდენიმე წლის წინათ, როცა საქართველოში რაგბი ფეხს იკიდებდა, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ბორია პაიჭაძემ, რომელთანაც ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა შემომთავაზა. მე ვუთხარი, რაგბის არაფერი გამეგება და რა უნდა გავაკეთო-მეთქი. ვიცით, მაგრამ რაგბის პესტიჟის აწევა გვინდა და ამიტომ გეპატიჟებითო – მიპასუხა პაიჭაძემ. ამის შემდეგ უცხოეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს რაგბის სახელმძღვანელო შევიძინე, რომლითაც ჩვენი მორაგბეები დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ. ახლა ყველა ხედავს, თავდადებული შრომის შემდეგ, რამდენად წინ წავიდნენ ისინი. სპორტზე და მის დადებით თვისებებზე დიდხანს შემიძლია ვისაუბრო და ამისთვის აქ დრო ნამდვილად არ მეყოფა. მადლობა “ლიდერ-ბეთის” ხელმძღვანელობას და აქ მსხდომ საზოგადოებას ჩემი კიდევ ერთხელ გახსენებისა და აქ მოწვევისათვის.
ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის სპორტულ მიღწევებზე გია გორგოძემ (საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი), თენგიზ გაჩეჩილაძემ (გაზეთი “ლელოს” მთავარი რედაქტორი), დავით ქლიბაძემ (სპორტული ჟურნალისტი), ჯამლეთ ხუხაშვილმა (სპორტული კომენტატორი, საკალათბურთო კლუბ “მაკაბის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი), ჯუმბერ ებრალიძემ (სპორტული ფილმების რეჟისორი), თენგიზ პაჭკორიამ (ჟურნალისტი), ზურა მიქაძემ (საქართველო ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი), დავით ჭელიძემ (ჟურნალისტი), გია გიორგაძემ (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი) და ბიძინა ბარათაშვილმა (ჟურნალისტი) ისაუბრეს.
ღონისძიებას სპორტული კომენტატორი ლევან სალუქვაძე უძღვებოდა.