კალათბურთი

23:28 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა

 საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა საზღვარგარეთული 25-დღიანი შეკრება მოილია და საქართველოში დაბრუნდა.

ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ ტრენტოს საერთაშორისო ტურნირში, სადაც მასპინძლებთან და პოლონეთთან დამარცხდა, ხოლო ისრაელის ნაკრებს 79:77 მოუგო. კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში ბოსნიის ნაკრებს ორჯერ შეხვდა და 63:68 დამარცხების შემდეგ 81:78 გაიმარჯვა.

16-17 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სერბეთი მოულოდნელად 75:71 დაამარცხა, ხოლო ფრანგებთან 71:86 წააგო.

ღია ვარჯიშზე კოკოშკოვმა კალათბურთელები მაქსიმალურად დატვირთა. ნაკრების 15 წევრმა ორმხრივი შეტევებით ტაქტიკაზე იმუშავა. გუნდის კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა ვარჯიშის დროს ტერფის არეში დაზიანება მიიღო. ვარჯიშის შემდეგ ნაკრების წევრებმა კომენტარი გააკეთეს. პირველ რიგში მარკოიშვილს ტრავმის შესახებ ვკითხეთ:

- მანუჩარ, ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღეთ?

- რამდენად სერიოზულია მიღებული ტრავმა, მალე გავიგებ.

მანუჩარ მარკოიშვილი: "სერბეთთან სასიამოვნო წარმატებას მივაღწიეთ. თავიდან ცუდად დავიწყეთ, შემდეგ შევძელით ანგარიშის შემცირება, ბოლო ტაიმში კი უკვე ჩვენ ვდომინირებდით და წარმატებასაც მივაღწიეთ. სერბეთის ნაკრებმა ნამდვილად შოკი მიიღო. რაც მთავარია, ნაკრების ყველა კალათბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და გამოჩნდა, რომ არაა აუცილებელი 6 ან 7 კაცით თამაში".

- როგორ შეთამაშდა ნაკრები და რას იტყვით ნატურალიზირებულ კალათბურთელებზე?

-გუნდს ჯერ კიდევ სჭირდება მომზადება, რათა საბოლოოდ კარგად შეთამაშდეს. რაც შეეხება ნატურალიზირებულ კალათბურთელებს ბევრს ვერაფერს გეტყვით, ჰიკმანი დარჩება ნაკრებში და გამოგვადგება, თუმცა მას ბევრი არ უთამაშია და გუნდს ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია.

გიორგი შერმადინი : "ფაჩულიას არყოფნა ძალიან დააკლდა ნაკრებს, შევეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო. ნაკრებმა კარგი შეკრება გაიარა, მოვიგეთ და წავაგეთ მატჩები, გუნდის მინუსები უკვე ვიცით და შევეცდებით მალევე გამოვასწოროთ".

კოტე ტუღუში (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "პროდუქტიული შეკრება გამოგვივიდა, განსხვავებულ გუნდებს ვეთამაშეთ. ტაქტიკურ მონახაზზე მუშაობის მხრივ ეს თამაშები სწორად იქნა გამოყენებული. ევროპის ჩემპიონატამდე ცოტა დრო დარჩა და ვცდილობთ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში იყოს”.

რიკი ჰიკმანი: "მოხარული ვარ, რომ ბიჭებს შევუერთდი და მათთან ერთად ვვარჯიშობ. აქტიურად ვემზადები და ველოდები სექტემბერში გასამართ ჩემპიონატს".

ვიქტორ სანიკიძე: "ნაკრებმა კარგი შეკრება გაიარა, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი წარმატების მისაღწევად, თუმცა ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას არყოფნა რთულად საკომპენსაციოა. ევროპის ჩემპიონატზე შევეცდები მაქსიმალურად დავიტვირთო და ნაკრებს წარმატება მოვუტანო".

საქართველოს ნაკრები 23 აგვისტომდე თბილისში ივარჯიშებს, შემდეგ კი საკონტროლო მატჩების გასამართად ისრაელში გაემგზავრება. 1 სექტემბერს ქართველები ლიტვაში, ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას ჩაატარებენ და ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიაში, ჩარტერული რეისით გაფრინდებიან.

გიორგი ბალახაძე

0.169316