კალათბურთი

0:00 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გენერალური რეპეტიცია

მარკოიშვილის, შერმადინის და ჰიკმანის შემდეგ ფხაკაძეც...

იგორ კოკოშკოვის მიერ დამოძღვრილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

როგორც უკვე იცით, სერბ სპეციალისტს, შესარჩევი ტურნირის განმავლობაში 15 კალათბურთელი ეყოლება. პირველ შეხვედრას ეროვნული ნაკრები 10 აგვისტოს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. გუშინ, ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა და ჟურნალისტებს, როგორც მწვრთნელებთან, ასევე კალათბურთელებთან საუბრის საშუალება მოგვეცა.

შეიძლება ითქვას, ტრავმა ქართველთა სენად იქცა. გიორგი შერმადინის, მანუჩარ მარკოიშვილის და რიკი ჰიკმანის კვალს ოთარ ფხაკაძეც მიჰყვა. ქართველმა გამთამაშებელმა, ვარჯიშზე კოჭი გადაიბრუნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა ტრავმა. მოსალოდნელია, რომ ჩეხების წინააღმდეგ მატჩში, იგი ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ვიქტორ სანიკიძემ "მსოფლიო სპორტთან" საუბრისას განაცხადა, რომ წელის არე თითქმის აღარ აწუხებს და მომავალ, მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს:

"თავს ნორმალურად ვგრძნობ და დიდი ალბათობით, ვითამაშებ. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ახლა, ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით, წინ დიდი ბრძოლა გველოდება. იმედია, გულშემატკივრები ძველებურად მხარს დაგვიჭერენ და საშინაო მატჩებზე მოვლენ".

რაც შეეხება ტრავმირებულ გიორგი შერმადინს. ქართველი ცენტრი მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთა და გუნდის ორმხრივ შეტევებში მონაწილეობა არ მიუღია.

"ოთხი დღეა, რაც გუნდთან ერთად მსუბუქად ვვარჯიშობ. რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, ბოლო ორი თამაში თბილისში მაინც ვითამაშო", _ განაცხადა შერმადინმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და კალათბურთელები, მომავალი მატჩისადმი იმედიანად არიან განწყობილნი და წარმატების იმედი აქვთ.

იგორ კოკოშკოვი (მთავარი მწვრთნელი): მართალია, საკადრო პრობლემები გვაქვს, საკვანძო კალათბურთელები გვაკლია, მაგრამ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და იმედიანად ვართ განწყობილნი. ჩეხეთს სერიოზული გუნდი ჰყავს. შესარჩევ ეტაპამდე კიდევ ორი დღე გვრჩება და მომავალი მატჩისთვის კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით.

კოტე ტუღუში (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): კმაყოფილები ვართ მოსამზადებელი ეტაპით. მართალია, ვიქტორ სანიკიძემ და ზაზა ფაჩულიამ რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვერ ჩაატარეს, მაგრამ ახლა უკვე მზად არიან. როგორც უკვე იცით, ფხაკაძემ ტრავმა მიიღო და 10 აგვისტოსთვის თუ არა, შემდეგ მატჩებში მაინც დაეხმარება ეროვნულ ნაკრებს. ახლა, მთელი ყურადღება ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისკენ გვაქვს მიპყრობილი.

ზაზა ფაჩულია: რთული მატჩები გველოდება, ჩვენი მიზანია, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, ჩვენ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები დაგვაკლდნენ. მარკოიშვილი, შერმადინი, ჰიკმანი, მათ ძალიან დიდი ევროპული გამოცდილება აქვთ. ვეცდებით მათი არყოფნა მაქსიმალურად შევავსოთ, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ წელს ისინიც დაგვეხმარებიან.

გიორგი ცინცაძე: შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად უკვე მზად ვართ. უბრალოდ, ტრავმებმა გაგვაწამეს. ამხანაგურ მატჩებში სრული შემადგენლობით ვერ ვთამაშობდით - ხან ვინ გვაკლდა და ხან ვინ. ასე რომ, ბოლომდე შეთამაშებულები არ ვართ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გუნდურად ვითამაშებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, ძლიერია.

 

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი:

10 აგვისტო

საქართველო - ჩეხეთი

 

13 აგვისტო

უნგრეთი - საქართველო

 

17 აგვისტო

პორტუგალია - საქართველო

 

20 აგვისტო

ჩეხეთი - საქართველო

 

24 აგვისტო

საქართველო - უნგრეთი

 

27 აგვისტო

საქართველო - პორტუგალია

 

გიორგი ბალახაძე

0.247901