საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით ჩაამთავრა. გელა ბოლქვაძის (74 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) ოქრო, ხოლო გიზო მელაძემ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (84 კგ) ბრინჯაოები მიამატეს.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ქართულ გუნდს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა და ფინალურ შეხვედრებში ჭიდაობის უფლება ყველამ მოიპოვა.
შმაგი ბოლქვაძე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ისე ავიდა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს. საჩემპიონო გზას მონღოლი ნოროვსურენ ამარსაიხანის ადვილად ძლევით (13:0) შეუყვა. ჩინელი ვუიუნგ ვუიუნგიც უპრობლემოდ ჩამოიშორა (6:0), თურქ ჩენგიზ არსლანსა (1:0) და უნგრელ ზოლტან ლევაის (1:0) დაძაბულ ბრძოლებში აჯობა. ფინალში კი აზერბაიჯანელ რუჰინ მიკაილოვს სძლია (3:0). პირველ პერიოდში შესრულებულ ორქულიან ილეთს ბოლქვაძემ შესვენების შემდეგ ერთი ქულა მეტოქის გაფრთხილებით მიამატა. ლეიბის მსაჯმა მიკაილოვი პასიურობის გამო კიდევ ორჯერ გააფრთხილა, რაც ქართველი მოჭიდავის ვადაზე ადრე გამარჯვებას ნიშნავდა. შმაგიმ მწვრთნელებთან ერთად იზეიმა ოქროს მედალი, მაგრამ სამსაჯო მაგიდამ ლეიბის მსაჯის გადაწყვეტილება გააუქმა და ნამდვილი ზეიმი ნახევარი წუთით გადადო. საბედნიეროდ, დროის ამ მონაკვეთში ანგარიში არ შეცვლილა.
გიზო მელაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი მეოთხედფინალში, საფინალო სირენამდე ერთი წამით ადრე დაკარგა. ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ყირგიზ რუსტამ ტეიშოვთან სწორედ შეხვედრის მიწურულს დაკარგა ქულა, რომლის წყალობითაც მელაძის მეტოქემ ანგარიში 6:6 გახადა და სწორედ ბოლო ქულის უპირატესობის ხარჯზე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.
ამ ბრძოლამდე ქართველმა მსუბუქწონოსანმა უნგრელი ბენს კოვაშის ოთხ წუთში დამარცხება (9:0) მოასწრო, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსტამ ტეიშოვი ფინალში გავიდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო და პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა ორი ბრწყინვალე გამარჯვებით გაინაღდა – რუმინელ ადრიან დუმიტრუსა და მოლდოველ იონ ლეფტერს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე.
ლაშა გობაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკელ რიჩარდ კარლსონთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს პირველსავე პერიოდში ათი ქულა აუგროვა, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს. მერვედფინალში ალჟირელ ადემ ბოუჯემლინს მოუგო (4:1), მეოთხედფინალში – უკრაინელ ანდრეი გლადკინს (5:1). შემდეგ კი გერმანელ დენის კუდლასთან ვეღარას გახდა (0:6) და “ბრინჯაოს ფინალში” გადაინაცვლა, სადაც ეგვიპტელ მუჰამედ მეტვალის პირველ პერიოდში აღებული ექვსი ქულით აჯობა (6:0).
საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს პოდიუმს მიღმა მხოლოდ ბექა კანდელაკი (120 კგ) დარჩა. გუნდის უმძიმეს წევრს მიზნამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.
ძირითად ბადეში მან ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა – ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და მომავალ ფინალისტთან, ლიტველ მანტას კნისტაუტასთან 7:11 დამარცხდა. კანდელაკმა პირველი სამწუთეული 7:5 მოიგო, მაგრამ მეორეში ძალიან დაიღალა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსანი სლოვაკ ტამას სოსს ორწუთნახევარში გაუსწორდა (8:0). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც მშვენივრად დაიწყო – თურქ ოსმან ილდირიმს ჩოქბჯენიდან ხუთი ქულა აუღო, ორიც დაკარგა. პერიოდის მიწურულს კი თურქმა ოთხქულიანი გდება შეასრულა და ილეთი სუფთა გამარჯვებით დააგვირგვინა.
ქართველმა მწვრთნელებმა გდების ეპიზოდი გააპროტესტეს, რადგან ილდირიმმა ილეთისას ფეხი გამოიყენა. სამსაჯო მაგიდამ პროტესტი განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა და შედეგად, ბექა კანდელაკი მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ხვალ და ზეგ ზაგრების ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ. 9 და 10 აგვისტოს კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.