სხვა

15:01 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო სესიამ 2013 წლის 2 მაისს მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების მონაწილეობის თაობაზე.

მიუხედავად ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, სესიის დელეგატებმა უწინარესად იხელმძღვანელეს ოლიმპიური ქარტიის ფუძემდებლური პრინციპებით, ქართული სპორტის ინტერესებით, იმ ნეგატიური შედეგების გათვალისწინებით, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ოლიმპიადაში ჩვენს მონაწილეობაზე უარის თქმას.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტს არაერთხელ განუცხადებია და ახლაც ადასტურებს, რომ ერთგულად იცავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, პატივს სცემს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მიღებულ წესებს, ამასთანავე იმედი აქვს, რომ იგივე სულისკვეთებით იმოქმედებენ ამ პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის – სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი.

ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ ტელე-ჟურნალისტების ოლიმპიადაზე აკრედიტაციის ელექტრონულ ბაზაში დამოუკიდებელ საერთაშორისო სუბიექტებად შეიტანეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ეწინააღმდეგება ყველა წესს და კანონს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიღებული ოფიციალური წერილი გვარწმუნებს, რომ ეს დასანანი გაუგებრობა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

აქვე გვინდა ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეთა რიგებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მონაწილის, რუსული ბომბდამშენის მფრინავის ივან ნიჩაევის ჩართვის შესახებ. ძირითადი ოლიმპიური ფასეულობაა საერთაშორისო მშვიდობის დამკვიდრება, “მშვიდობისმოყვარე საზოგადოების ჩამოყალიბება” (ოლიმპიური ქარტია). რუსული მხარის ამგვარი გადაწყვეტილება, რასაკვირველია, ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ოლიმპიურ ღირებელებებს და საყოველთაო გულისწყრომას იწვევს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედოვნებს, რომ ოლიმპიადამდე დარჩენილ პერიოდში ამგვარი გაუგებრობები არ მოხდება და ჩვენ არ მოგვიწევს 2013 წლის 2 მაისის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა.

www.geonoc.org.ge

0.141395