ჭიდაობა

16:57 | 26.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს დღეები რიგაში

ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეებს ლატვიურ საერთაშორისო ტურნირზე – “ფრეიდენფელდსის თასზე” - ჩემპიონ-პრიზიორებისთვის დაწესებული მედლების ლამის ნახევარი თბილისში მოაქვთ. რიგაში 23-25 მარტს გამართულ შეჯიბრზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა და ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ვლადიმერ ადეიშვილმა გაფართოებული შემადგენლობები ჩაიყვანეს და საბოლოოდ ისე მოხდა, კვარცხლბეკზე ქართული გუნდების ყველა წევრი ავიდა, თავად სხირელისა და ადეიშვილის გარდა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, “ფრეიდენფელდსის თასზე” მონაწილეობა 19 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. ქართულმა გუნდებმა სულ 29 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ორივე სტილით ჭიდაობაში გაჩემპიონდნენ.
თავისუფალთა ანგარიშზე 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა. ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლევან ქელეხსაშვილი (60 კგ), ზურა იაკობაშვილი (66 კგ), სანდრო ამინაშვილი (84 კგ), ომარ გუსოშვილი (96 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ლაშა ტალახაძე (55 კგ), ლაშა ბიტარაშვილი (60 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (96 კგ) მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ოთარ გოგავა (55 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ), ზურაბ ყველაშვილი (74 კგ) და ლევან გოგრიჭიანი (84 კგ) – მესამეზე.
აქვე ბერძენ-რომაელთა მონაგარიც: 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო. ტურნირი წაუგებლად ზურა სანიკიანმა (50 კგ), რამაზ სურმანიძემ (55 კგ), გიორგი დავითაიამ (66 კგ), თორნიკე ძამაშვილმა (74 კგ), რობერტ ქობლიაშვილმა (84 კგ) და ლევან არაბულმა (120 კგ) ჩაამთავრეს. გიორგი მელაძეს (50 კგ), ხვიჩა ჭითავას (60 კგ), იაკობ ქაჯაიასა (96 კგ) და შოთა გოგისვანიძეს (96 კგ) ჩემპიონობამდე ფინალში გამარჯვება დააკლდათ. ნიკა ცეცხლაძე (55 კგ), ამირან შავაძე (60 კგ), ფირუზ წულუკიძე (66 კგ), ლაშა გობაძე (74 კგ), დავით ჩაკვეტაძე (84 კგ) და ბექა ქურცაძე (96 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.118821