კალათბურთი

1:33 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან ბოლო წამებზე 2 ქულით წააგო

დასანანი მატჩი წააგო საქართველოს 20-წლამდე კლათბურთელთა ნაკრებმა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა უკრაინის ნაკრების დამარცხების შანსს, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე უკრაინელთა ლიდერმა, ვლადისლავ კორენიუკმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო და სლავებს 71:69 გაამარჯვებინა.

კორენიუკი მთელი თამაშის განმავლობაში ავიწროვებდა ქართველებს. იგი საკუთარი სიმაღლის და მობილურობის ხარჯზე ძნელად სამეურვეო იყო და საბოლოოდ 32 ქულა მოაგროვა. ჩვენი ნაკრების ძირითადი ცენტრი, მერაბ მირზიაშვილი ფინეთთან შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მოედანზე ვეღარ გადის. 207 სანტიმეტრი სიმაღლის კორენიუკის შეჩერება ქართველებმა ვეღარ მოახერხეს.

არადა, ქართველებსაც ჰყავდათ თავისი ლიდერი – ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. ბურჯანაძე ევროპის ჩემპიონატის საწყისი 2  მატჩის შემდეგ საშუალოდ მოგროვებული 16.5 მოხსნით ტურნირს ამ კატეგორიაში ლიდერობდა, თუმცა უკრაინელებთან ყველას გასაოცრად მხოლოდ 1 (!) მოხსნას დასჯერდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ქართველები იგებდნენ, ხან – სლავები. ბოლო პერიოდი უკრაინელთა 4-ქულიანი ლიდერობით განახლდა და ცხადი იყო, მატჩის გამარჯვებული ბოლო წუთებამდე არ გამოვლინდებოდა.

უკრაინელებმა ბოლო პერიოდის შუაწელში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (64:55), თუმცა ბექა ბურჯანაძისა და ირაკლი მიქელაძის შედეგიანობის წყალობით ჩვენები შანსს ინარჩუნებდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სლავები 68:62 იგებდნენ, ტაქტიკურად გამართული თამაშის წყალობით შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. ეს ბექა ბურჯანაძის სროლის შემდეგ მოხდა.

ქართველებმა უკრაინელთა ბოლო, მატჩის გადამწყვეტი შეტევა ვეღარ შეაკავეს. კორენიუკმა კარგო პასი მიიღო იგორ ბოიარკინისგან და ფარქვეშიდან გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

ბურჯანაძის შემდეგ ქართველებში შედეგიანობით ნოდარ გოგოძე (13 ქულა) გამოირჩა, ირაკლი მიქელაძემ 8 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ლერი კვანტალიანის ანგარიშზე 5 ქულა დაგროვდა.

ქართველები მომდევნო მატჩს დღეს, ბელარუსთან, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავენ.

 

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 12 ივლისი

საქართველო – უკრაინა 69:71 (20:21, 22:19, 12:18, 15:13)

საქართველო: ბურჯანაძე (30ქ), ბოლქვაძე (3), ლილუაშვილი, ტომარაძე (2), გოგოძე (13), მიქელაძე (8ქ, 6მ, 5პ), კვანტალიანი (5), ცირეკიძე (2), აბულაძე (4), სანაძე (2).

www.gbf.ge

0.126205