24 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთსა და ლუსქემბურგში საწვრთნელ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების მიზნით საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სალკვალიფიკაციო ტურნირში, რომელსაც ბოსნია მასპინძლობს, 7-გუნდა ჯგუფში შვეიცარიის, ბელარუსის, ფინეთის, უკრაინის, ავსტრიის და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. თითოეული ქვეჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორ-ორი გუნდი გადის. “ა” დივიზიონის საგზურს სამი საუკეთესო I-III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ.
გთავაზობთ, ინტერვიუს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- რუმინეთსა და ლუქსემბურგში რამდენი დღით მიემგზავრებით?
- 10 დღით. თბილისში 4 ივლისს დავბრუნდებით.
- აღნიშნულ ქვეყნებში რამდენი საკონტროლო შეხვედრის ჩატარებაა დაგეგმილი?
- ჯერ რუმინეთში ჩავფრინდებით, სადაც ამ ქვეყნის 20 წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ამის შემდეგ ლუქსემბურგში გადავინაცვლებთ და თანატოლების ნაკრებ გუნდთან სამ შეხვედრას გავმართავთ.
- საკონტროლო შეხვედრებში რამდენ კალათბურთელს გამოცდით?
- ჯერჯერობით გუნდში 13 კალათბურთელია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 9 ივლისს მივემგზავრებით, 12 სპორტსმენი გამოვა.
- დაგვისახელეთ ის კალათბურთელები, რომლებიც რუმინეთსა და ლუქსემბურგში დაგეგმილ საკონტროლო შეხვედრებში გამოვლენ.
- საწვრთნელ შეხვედრებში ბექა ბურჯანაძე (“კახასოლი”, ესპანეთი), ნუგზარ აბულაძე (უკლუბო), მერაბ მირზიაშვილი, ლერი კვანტალიანი (ორივე “შსს აკადემია”), ბექა დარახველიძე, ნოდარ გოგოძე, ბექა ნადირაძე, ირაკლი მიქელაძე (ყველა “ოლიმპი”), ზეზვა ლილუაშვილი (“დინამო”), კახა ტომარაძე, სანდრო ბოლქვაძე, სანდრო სანაძე (ყველა “ჰიუნდაი”) და გიორგი ცირეკიძე (“ქუთაისი-2010”) გამოვლენ. ევროპის ჩემპიონატზე გუნდის საბოლოო შემადგენლობას შეკრების დასრულების შემდეგ დავასახელებ.
- ვინც შეგულებული გყავდათ ბოსნიაში ყველა კალათბურთელი გაემგზავრება?
- ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პერსპექტიული უკანახაზელი ლევან გრძელიძე (“ქუთაისი-2010”), რომელიც 23-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტრავმას იშუშებს და ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა. რაც შეეხება ლევან ლოლიშვილსა და შოთა გელაზონიას (ორივე “შსს აკადემია”), ეს კალათბურთელები 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე დისკვალიფიცირებული არიან და ნაკრებშიც ამის გამო ვერ გამოვლენ.
-20 წლამდელთა ნაკრების პარალელურად, თქვენ ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობთ. ასევე პირველ ნაკრებშია გამოძახებული 20 წლამდელთა ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე. თქვენ და ბურჯანაძე პირველ ნაკრებს როდის შეუერთდებით?
- მე და ბურჯანაძე პირველ ნაკრებს სლოვენიურ შეკრებაზე ევროპის ჩემპიონატის ტურნირის დასრულების შემდეგ, პირდაპირ ბოსნიიდან შევუერთდებით.
http://www.gbf.ge- ფოტოები