სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:14 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლოზანაშია და პირველი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 22 მაისს დილით მიუნხენიდან ჟენევაში ჩაფრინდა, საიდანაც ლოზანისაკენ გააგრძელა გზა. ლოზანაში ჩვენი ნაკრები დაბინავდა სასტუმრო “მოვენპიკში”, რომელიც ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს.  ეს ადგილი ჰგავს ჩემი მშობლიური სოხუმის სანაპიროს, ამ სასტუმროსთან  400 მეტრში მდებარე ოლიმპიური მუზეუმი და ეზო-პარკი კი ძალიან მაგონებს სოხუმის დენდრარიუმის ტერიტორიას.

ლოზანაში 21 მაისს ჩამოვედი და ხუან-ანტონიო სამარანჩის სახელობის სტადიონის მახლობლად დავბინავდი. ამ სტადიონზე 25 და 27 მაისს საქართველოს ნაკრები ჩაატარებს შეხვედრებს შვეიცარიისა და კვიპროსის გუნდებთან, ხოლო 30 მაისს ქალაქ ნიონში შევხვდებით ისრაელის ნაკრებს.

22 მაისის საღამოს “მოვენპიკის” სასტუმროში სწორედ იმ მომენტში მივედი, როცა ჩვენი გუნდი ვარჯიშზე აპირებდა გამგზავრებას.  ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ კარგ  ხასიათზე  იყვნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გვითხრა, რომ  ნაკრები  მზადაა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებისათვის. მისი აზრით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ მატჩს შვეიცარიის ნაკრებთან. "საქართველოში ბოლო წლებში  მიეჩვივნენ 19-წლამდელთა ნაკრების წარმატებულ თამაშს. წლევანდელ ელიტრაუნდში წარმატების  მისაღწევად ვიბრძოლებთ, თუმცა სერიოზული მეტოქეები გვყავს და წინ რთული მატჩები გველის", - აღნიშნა ვასილ მაისურაძემ.  მან გვაცნობა, რომ 22 მაისს ნაკრებს შვეიცარიაში შეუერთდნენ  თბილისის დინამოელები მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რომლებმაც 21 მაისს საქართველოს ეროვნული თასის ფინალში ითამაშეს.

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, დელეგაციის ხელმძღვანელმა და ნაკრების მენეჯერმა დავით დათუნაშვილმა გვითხრა, რომ გუნდში კარგი განწყობაა. “თენგიზ, შარშან მაისში თქვენ იყავით ბელგიაში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ელიტრაუნდში  პირველი ადგილი დაიკავა და გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. იმედია, ჩვენი ნაკრები წელსაც წარმატებით იასპარეზებს ელიტრაუნდში, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს რთული ამოცანაა”, - დასძინა მან.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მერაბ კაციტაძემ კი აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა აქვთ და მაქსიმუმს გააკეთებენ წარმატების მისაღწევად.

 

თენგიზ პაჭკორია, ლოზანა,  სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12895