სხვა

22:14 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-თურქეთს ევროპელი მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან

 

15 თებერვალს თბილისში საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ მატჩს გამართავს.

შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოში საერთაშორისო და ევროპის წყალბურთის ფედერაციების წარმომადგენლები – FINA-ს და LEN-ის ტექნიკური კომისიის თავმჯდომარე – ოლიმპიური ჩემპიონი ჯანი ლონცი და LEN-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკო ბორი ჩამოვიდნენ.

წყალბურთის საერთაშორისო კლასიფიკაციის ექსპერტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დავით რურუასთან და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებთან – ალექსანდრე ბითაძესთან და ვლადიმერ ნიკოლეიშვილთან ერთად სამინისტროში შეხვდნენ.

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წყალბურთის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს თბილისში 2014 წლის აგვისტოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ ქართველ და თურქ წყალბურთელთა მატჩი შაბათს 18:30 წუთზე დაიწყება, მისი პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.122696