დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ამ ტურნირის გამართვა 18-21 თებერვალს, თბილისში, “შერატონ მეტეხი პალასში” “ვარსკვლავთა ტურნირის” წარმატებულად ჩატარებამ განაპირობა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდემ) მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას მხარი დაუჭირა და ორგანიზების უფლება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციას გადასცა. სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად საქართველოში ჩატარდება.
ლადო ვარძელაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “საქართველო ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარება დარჩა, სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ამ ტურნირის ჩატარება მნიშვნელოვანია ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის”.
გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): “იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირსაც მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემიონატი პირველად საქართველოში გაიმართება”.
ემილ სუტოვსკი (პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი): "გადაწყვეტილია, რომ საქართველო სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რისი მომხრეც ვარ, რადგან საქართველოს აქვს ასეთი მაღალი ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება და რაც მთავარია, გყავთ უმაღლესი დონის მოჭადრაკეები. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლებთ".
ლაშა ქოიავა
სპორტის სამინისტროს ფოტო