ძიუდო

22:32 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია

 უკვე წლებია, ქართულ ძიუდოში ერთი სასიხარულო ტრადიცია დამკვიდრდა – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები საქართველოს ჰიმნით იხურება. შეჯიბრების ბოლო დღე გუნდურ პირველობას ეთმობა ხოლმე და საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევას ვერავინ ახერხებს. აქამდე გუნდური ჩემპიონატები მხოლოდ უფროსებში ტარდებოდა. დღეს კი, სლოვენიაში გუნდური ბრძოლის გემო ახალგაზრდებსაც გაასინჯეს და აბა როგორ იქნებოდა, აქაც ქართველებს რომ არ ეყოჩაღათ. გია გუგავას გაწვრთნილი 21-წლამდელთა გუნდი ლამის ერთი ამოსუნთქვით გაჩემპიონდა.

ბოლო წლებში იმასაც შევეჩვიეთ, რომ გუნდური ჩემპიონატები საქართველოსა და რუსეთის ფინალით მთავრდება. ამჯერად სწორედ ქართულ-რუსული მერვედფინალური დაპირისპირებით დაიწყო. ორგანიზატორებმა წინასწარი გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალეს და გუნდურ პირველობაში მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა რვიდან თექვსმეტამდე გაზარდეს. თან ბევრი განთესვაზეც აღარ უფიქრიათ და ორი გამორჩეული ევროპული ნაკრები პირველსავე წრეში დააწყვილეს.

66 კილოგრამში გელა კელიხაშვილი ჭაბუკებს შორის ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტს რამაზან კოდჟაკოვს დაეჭიდა. შეხვედრის დასაწყისშივე აღებული ვაზარი ბოლომდე შეინარჩუნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ლევან გუგავასა (73 კგ) და მაგომედრამაზან გაზაევის დაპირისპირება უილეთოდ გაილია. გაფრთხილებებით კი გაზაევმა იმარჯვა (3:1). მეორე ქულა გუნდს უშანგი მარგიანმა (81 კგ) მოუტანა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ლუბლიანაში მხოლოდ გუნდურ ჩემპიონატზე საჭიდაოდ ჩაიყვანა. მარგიანმა ასლან ლაპინაგოვი ორწუთნახევარში გააკრა ტატამს ეფექტური გდებით. გადამწყვეტი ბექა ღვინიაშვილისა (90 კგ) და რამაზან მალსუიგენოვის შეხვედრა აღმოჩნდა. ევროპის და მსოფლიოს ქართველმა ჩემპიონმა მესამე წუთის მიწურულს შეასრულა იპონი და ნაკრებს მეოთხედფინალი გაუნაღდა. მძიმეწონოსანთა ჭიდაობამ აზრი დაკარგა, მაგრამ ერთი დამატებითი მუხტი მაინც შერჩა - გიორგი ზაქარიაძეს ანტონ კრივობოკოვთან წლევანდელ ევროპირველობაზე განცდილი დასანანი მარცხის გამო ჰქონდა რევანში ასაღები. შეგახსენებთ, კრივობოკოვი მაშინ ევროპის ჩემპიონი გახდა, გუშინ მან მსოფლიოს ოქროც მოიგო და ფინალის გზაზე ლევან მატიაშვილს აჯობა. რევანში ვერ შედგა – რუსმა მძიმეწონოსანმა მეორე წუთზე იპონით მოიგო. საქართველომ რუსეთი 3:2 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტები მონღოლებს დაეჭიდნენ. გია გუგავამ შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ზაქარიაძის ნაცვლად განაცხადში ლევან მატიაშვილი შეიყვანა. ცვლილებამ გაამართლა, მაგრამ საერთო შედეგისთვის მძიმე წონის შეხვედრას კვლავ არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მანამდე, ვიდრე მატიაშვილი მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორ დუურენბაიარ ულზიიბაიარს გააკრავდა ბეჭებზე, გელა კელიხაშვილმა ტუმენასან ერდენეტოგტოხს ვაზარით მოუგო, ლევან გუგავამ – პურევდავაა ბატერდენეს იპონით, უშანგი მარგიანმა – ალტანბაგანა განტულგას იუკოთი, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა – ოტგონბაატარ ლხაგვასურენს იპონით.

ნახევარფინალში სლოვენიის წინააღმდეგ მონღოლეთთან ნაჭიდავებმა ხუთეულმა მოირგო კიმონოები და ისევ ხუთივემ იმარჯვა. კელიხაშვილმა ლუკა კურალტს მეორე წუთზე აღებული იუკოთი სძლია, გუგავამ იგორ პოტპარიჩს საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე დაასრულებინა ანგარიშის გათანაბრებაზე ფიქრი, მარგიანმა კი პრიმოჟ მარინჩიჩი ძირითადი დროის დასრულებამდე სამიოდ წამით ადრე დააგდო იუკოზე და გუნდს ფინალის საგზური გაუნაღდა. ღვინიაშვილმა მიჰაელ ზგანკს მოუგო სუფთად, ხოლო მატიაშვილმა – ვიტო დრაგიჩს, ასევე ეფექტური გდებით.

საქართველოსა და საბერძნეთის ფინალური დაპირისპირება ქართველთათვის არასასურველი სცენარით დაიწყო – კელიხაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის 3-გზის ჩემპიონ გეორგიოს აზოიდისთან გაფრთხილებებით დამარცხდა. ანგარიში ფრიდონ გიგანმა გაათანაბრა რომან მუსტოპულოსის ვაზარ-იუკოთი ძლევით. შეგახსენებთ, მუსტოპულოსი ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟია და წლეულს 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. სლოვენიურ მსოფლიოს პირველობაზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 81 კილოგრამში ბერძნებს ხუთეულში კიდევ ერთი საიმედო ძიუდოისტი ჰყავდათ – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსიოს ნტანაციდისი, მაგრამ ფინალში ვერც მან გაუმართლათ. მარგიანმა ტიტულოვანი მეტოქე წუთნახევარში ვაზარზე დააგდო და უპირატესობა საფინალო სირენამდე მშვიდად შეინარჩუნა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გამნაღდებელი ქულა საქართველოს ნაკრებს ღვინიაშვილმა მოუტანა. ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გეორგიოს მალიაროპულოსი წუთნახევარში ვაზარზე დააგდო და შებოჭა. მატიაშვილმა საბოლოო ანგარიში – 4:1 დავიდ კარაკლიდისთვის შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით დააფიქსირა.

ფინალში პირველი სამი შეხვედრის შემდეგ საქართველოს და საბერძნეთის ნაკრების სამწვრთნელო სკამები თავისუფალი იყო. ბერძენთა დამრიგებელი მსაჯმა ზედმეტი ემოციურობის გამო გიგანი-მუსტოპულოსის ჭიდაობისას გააძევა, ხოლო გია გუგავა – მარგიანისა და ნტანაციდისის ჭიდაობისას.

დაბოლოს ერთი საინტერესო დეტალიც, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მძიმე წონაში მონაწილე რომ არ ჰყოლოდა, მსოფლიოს ჩემპიონი მაინც გახდებოდა.

ბრინჯაოს მედლები იაპონიამ და უკრაინამ მოიპოვეს. ვაჟების პარალელურად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ქალებმაც გამოავლინეს. ფინალში იაპონიამ საფრანგეთი 3:2 დაამარცხა. მესამე ადგილებზე კი გერმანია და ხორვატია გავიდნენ.

0.127349