სტატიები

14:19 | 28.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო და მეტოქე საკალათბურთო ევროსამყარო

საკალათბურთო ევროპირველობის წილისყრის დღიდან, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს მეტოქეებს. ლიტვაში გასამართი ტურნირის მოახლოებასთან ერთად, კონტინენტის პირველობის თემატიკაზე სტატიების ინტენსივობა კიდევ უფრო მოიმატებს, ამჯერად კი, შეჯიბრების დაწყებამდე 6 თვით ადრე, ევროჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგეებზე ვისაუბრებთ.
ევროპის ჩემპიონატს 31 აგვისტოს, საპორტო ქალაქ კლაიპედაში, ბელგიელებთან შეხვედრით დავიწყებთ. ამ გუნდთან მწარე “საკვალიფიკაციო მოგონება” გვაკავშირებს. ანტვერპენში ბენილუქსელებმა A დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მარცხი მოგვაყენეს. გეხსომებათ, ის მატჩი დაძაბულად წარიმართა და დასკვნით პერიოდში ჩვენებს რამდენიმე დასანანი შეცდომა რომ არ დაეშვათ, გამოცდილი, ჭკვიანი და ეშმაკი დამრიგებლის, ედი კასტელსის გუნდის ძლევა უტოპიის სფეროს სულაც არ განეკუთვნებოდა. აი, თბილისში კი, ჩვენმა ბიჭებმა შებოჭილად, უინიციატივოდ ითამაშეს, ბელგიელებმა დაცვაშიც ივარგეს, შეტევებსაც აზრიანად ახორციელებდნენ და 23 ქულის სხვაობით მოგვიგეს. კლაიპედაში ბელგიელებთან “ანგარიშის გასწორება” გვმართებს. თანაც, “ძველი წყენაც” უნდა გავიხსენოთ. 1999 წლის 21 მაისს, შვეიცარიაში ბელგიელებმა ევროპის 2001 წლის პირველობის შესარჩევ მატჩში 76:63 მოგვიგეს, ამ გამარჯვების წყალობით, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, ჩვენ კი დაბალ დივიზიონში ჩაგვტოვეს. იმ მატჩში მონაწილეობა ნიკა ცქიტიშვილმა და ვლადიმერ ბოისამაც მიიღეს და ორივენი, პარტნიორების მსგავსად, სარევანშოდ იქნებიან მომართულნი. ამის გაკეთება კი რთულია, რადგანაც ბელგიელებს 214 სმ სიმაღლის მეფარე დიდიე ილუნგა-მბენგა დაემატებათ. ზაირის (სადღეისოდ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) დედაქალაქ კინშასაში დაბადებული “ბენგა” უკვე 7 წელია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობს, ამჟამად “ნიუ ორლეან ჰორნეთსის” წევრს, ლოს ანჯელესის “ლეიკერსის” შემადგენლობაში 2009 და 2010 წლებში მსოფლიოს უპირველესი საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. შარშანდელთან შედარებით, უკეთეს ფორმაში შეხვდება ევროპის პირველობას ბელგიელთა კიდევ ერთი ლიდერი, ტომას ვან დერ შპიგელი. ტრავმის გამო იგი მოგვიანებით ჩაერთო შესარჩევ ციკლში და საკუთარი შესაძლებლობები (214 სმ სიმაღლის ცენტრი განსაკუთრებით ძლიერი დაცვაშია) სრულად ვერ გამოავლინა. ვან დერ შპიგელს მადრიდის “რეალში”, მოსკოვის ცსკა-ში, “ოლიმპია მილანოში” უასპარეზია და ამ გუნდებთან ერთად არაერთი ტურნირიც მოუგია.
 ბელგიელებთან მატჩის მეორე დღეს, პირველ სექტემბერს, კლაიპედაში (ცნობისთვის, ამ საპორტო ქალაქში ბევრი ეთნიკურად რუსი სახლობს) ყველაზე მნიშვნელოვანი (სატურნირო და ფსიქოლოგიური ასპექტით) შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს რუსეთის ეროვნულ გუნდთან. საბჭოთა პერიოდში ხშირად მოსკოვის ცსკა პრაქტიკულად იმდროინდელი ქვეყნის ნაკრები იყო და თბილისის “დინამო” წითელარმიელთა დამარცხებას ახერხებდა. ეს საკავშირო პირველობების დროსაც ხდებოდა და ევროთასზეც. 1962 წელს, ჩვენმა “დინამომ” ჟენევაში მადრიდის “რეალის” დამარცხებით ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, თუმცა, იმხანად კასტილიელებთან შედარებით არანაკლები გუნდი ცსკა იყო და სწორედ მას მოუგეს ქართველმა კალათბურთელებმა მოსკოვშიც და თბილისშიც ჩვენთვის ტრიუმფალური ტურნირის მეოთხედფინალში. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, 2004 წლის 24 ივლისს, იტალიის ქალაქ სან ჯორჯოში, ჩვენმა ნაკრებმა სლავების ყველაზე დიდი სახელმწიფოს საკალათბურთო წარმომადგენელი 87:71 დაამარცხა. მართალია, იმ შეხვედრაში რუსებმა პარკეტზე ოპტიმალური შემადგენლობა არ დაგვიპირისპირეს, მაგრამ ისიც ხომ უდავოა, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები შესამჩნევად რომ “გაიზარდა”. რუსეთის ეროვნული გუნდის ძლიერება დიდწილად “იუტა ჯაზის” ფორვარდ ანდრეი კირილენკოს ყოფნა-არყოფნაზეა დამოკიდებული. სოლტ ლეიკ სიტელთა გუნდის წევრმა დიდი როლი შეასრულა რუსების მიერ 2007 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში. გეხსომებათ, კონტინენტის პირველობა იმხანად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის საკალათბურთო არენებზე ჩატარდა და რუსებმა ფინალში სენსაციურად სწორედ იბერიელებს სძლიეს. მომდევნო, 2009 წლის ევროპირველობაზე აღმოსავლეთსლავებმა კირილენკოს გარეშე ითამაშეს და მეშვიდე ადგილით დაკმაყოფილდნენ. რუსეთის ნაკრები გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, შედარებით ახალი თაობის მოთამაშეებიდან კი “ნიუ იორკ ნიკზისა” და ცსკა-ს მეფარეები, ტიმოფეი მოზგოვი (216 სმ) და ალეკსანდრ კაუნი (211 სმ) უნდა გამოვარჩიოთ. რუსების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დევიდ ბლატი არ მალავს, რომ გუნდის უმთავრესი მიზანი, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის დაუფლებაა და არაფერს დაიშურებენ ლიტვაში მოწინავე ხუთ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად. რუსეთის ნაკრებზე საუბარს კი მის მიერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლების შეხსენებით დავასრულებთ. 1994 და 1998 წლებში რუსებმა მუნდიალის ფინალამდე გააღწიეს, ასევე ფინალში დამარცხდნენ ისინი ევროპის 1993 წლის ჩემპიონატზე, ევრო97-ში კი ბრინჯაოს მედლებს გამორჩნენ.
 ჩვენ მესამე მოწინააღმდეგე სლოვენიასთან არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს, სამაგიეროდ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის ამ ქვეყნის კალათბურთს კარგად იცნობენ ჩვენი ნაკრების წევრები ვლადიმერ ბოისა, გიორგი შერმადინი და კოტე ტუღუში. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სლოვენიელები 1993 წლიდან მოყოლებული რეგულარულად მონაწილეობენ ევროპირველობაზე (არცერთი ტურნირი არ გამოუტოვებიათ!), საუკეთესო შედეგი კი 2009-ში ჰქონდათ, როდესაც ნახევარფინალს უწიეს, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლებაც ვერ მოიპოვეს და ისტორიაში პირველად, ბრინჯაოს მედლებისთვის ჩატარებულ შეხვედრაშიც მოეცარათ ხელი. სლოვენიელებს ოლიმპიადაზე არასდროს უასპარეზიათ, მსოფლიოს ჩემპიონატებს რაც შეეხება, იტალიელთა და ავსტრიელთა მეზობლებმა 2006-ში იაპონიაში მუნდიალი მე-12 პოზიციაზე დაასრულეს, შარშან, თურქეთში კი, მეოთხედფინალამდე გააღწიეს. ჯერჯერობით, ძნელია სლოვენიის ნაკრების შემადგენლობის განჭვრეტა, მაგრამ გუნდის 32 წლის კაპიტანი, იაკა ლაკოვიჩი (ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის “ბარსელონას” უკანახაზელი) და მისი პარტნიორები ყველაფერს გაიღებენ სლოვენიისთვის საკალათბურთო-ოლიმპიური საგზურის გასანაღდებლად. იანვრიდან სლოვენიელებს 59 წლის სერბი სპეციალისტი, ბოჟიდარ მალიკოვიჩი ჩაუდგა სათავეში. ხორვატიაში დაბადებულ ბოჟიდარს საკალათბურთო სამყარო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად იცნობს. მალიკოვიჩს მრავალ გუნდში უმუშავია და ყველას რომელიმე ტიტული მოაგებინა, სამ კლუბთან (სპლიტის “იუგოპლასტიკა”, ათენის “პანათინაიკოსი”, საფრანგეთის “ლიმოჟი”) ერთად კი, ოთხჯერ გაიმარჯვა ევროლიგაში (ჩემპიონთა თასი).
 4 სექტემბერს, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს შარშან, საკვალიფიკაციო ციკლის დაწყების წინ, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით და ბოლო წამებზე, გაქართველებული ამერიკელის, ტორინ გრინის ზუსტმა გასროლამ უკრაინელებთანაც მოგვაგებინა და შეჯიბრებაზე პირველი ადგილიც გაგვინაღდა. ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი მეტოქეები, “ხოხოლთა” საკალათბურთო ნაკრები გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. უკრაინელები ფიზიკურად ძლიერები არიან და თუ ტყორცნებიც წაუვიდათ, გაცილებით უკეთ თამაში შეუძლიათ, ვიდრე გასულ შესარჩევ ციკლში იასპარეზეს – გუნდმა გასვლაზე ოთხივე მატჩი (ბოსნია, დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, უნგრეთი) წააგო, შინ კი მაკედონიასთან დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატზე უკრაინას ცნობილი ამერიკელი სპეციალისტი, მაიკ ფრატელო უხელმძღვანელებს. 64 წლის ფრატელოს ადრე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბებში “ატლანტა ჰოუკსში”, “კლივლენდ კავალიერზსა” და “მემფის გრიზლიში” უმუშავია და დიდი გამოცდილებაც დაუგროვებია. ასე რომ, ევროპირველობას უკრაინა კარგად მომზადებული შეხვდება.
 ისევე როგორც საკვალიფიკაციო ციკლში, ლიტვის ევროპირველობის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი გვერგო. შეგახსენებთ, 2000 წელს, ზაზა ფაჩულიას სწორედ ამ ნაკრებთან ჰქონდა წარმატებული სანაკრებო დებიუტი, შარშან კი შავიზღვისპირელებს ორივე შესარჩევი შეხვედრა მოვუგეთ. ამის მიუხედავად, როსენ ბარჩოვსკის გუნდი “საჩუქარი” არავისთვისაა, მითუმეტეს, თუკი მისი ლიდერი -  ფილიპ ვიდენოვი (შარშან ტრავმა აწუხებდა) კარგ ფორმაში შეხვდება ევროჩემპიონატს. ამასთან, ბულგარელებს წინასაჩემპიონატოდ ნაკრების გაძლიერება განუზრახავთ და ამ მიზნით, რომელიმე კვალიფიციურ ამერიკელ კალათბურთელს გაუკეთებენ ნატურალიზაციას...
 ბულგარელებთან ჩვენი კოზირი კი ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინია. სამხრეთსლავებს მეფარის პოზიციაზე უჭირთ და ეს მომენტი საჩვენოდაა გამოსაყენებელი. ისე კი, თუკი ისტორიას თვალს გადავავლებთ, ბულგარეთს დიდი საკალათბურთო ტრადიცია აქვს. ამ ქვეყნის ნაკრებს 1959 წლის მსოფლიოს პირველობაზე, 4 ოლიმპიადასა (1952, 1956, 1960, 1964) და ევროპის 23 ჩემპიონატზე უთამაშია. ბულგარელებმა კონტინენტის წინა პირველობაზე იასპარეზეს, 1957 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალი საბჭოთა ნაკრებთან (ქართველთაგან გუნდში გურამ მინაშვილი თამაშობდა) დათმეს, 1961-ში კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
 ლიტვის ევროპის პირველობაზე, ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლის საფუძვლიანი იმედი გვაქვს. მთავარია, კალათბურთის ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელმა მოსამზადებელი პერიოდი სწორად დაგეგმონ და ნაყოფიერად ჩაატარონ. ამ შემთხვევაში კი, ზაზა ფაჩულიას, ვლადიმერ ბოისას, ვიქტორ სანიკიძეს, ტორინ გრინს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, გიორგი ცინცაძეს, გიორგი შერმადინს, მანუჩარ მარკოიშვილს, თორნიკე შენგელიას ორივე ჯგუფური ეტაპის დაძლევა და ფლეი ოფში (მეოთხედფინალში) გასვლაც ხელეწიფება. საქართველოს ნაკრებს საამისო პოტენციალი ნამდვილად აქვს, ლიტვის შესანიშნავ არენებზე (ბალტიისპირელებმა 2005 წლიდან მოყოლებული 6 სუპერთანამედროვე სპორტული დარბაზი ააშენეს) სათამაშოდ გასულ ქართველ კალათბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ თავის დროზე, ევროპის ჩემპიონობა მათ არაერთ თანამემამულეს (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) მოუპოვებია, ქართული კალათბურთის მდიდარი ისტორია კი, წარმატებული აწმყო-მომავლით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

გოჩა კაჭარავა

 

0.118011