ხვალ, გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში სამოყვარულო სპორტული ფესტივალი „საქართველო 2014" გაიხსნება და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. 4-თვიან მარათონში ჩემპიონ-პრიზიორები მინი-ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთში გამოვლინდებიან. ფესტივალს საქართველოს ყველა რეგიონი უმასპინძლებს.
“საქართველო 2014”-ისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, გენერალური მდივანი ზაალ ჩიტალაძე და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე შეხვდნენ.
ითქვა, რომ აღნიშნული პროექტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორები კი საქართველოს ხელბურთის და ჩერლიდინგის ფედერაციები არიან.
“ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარება და მასობრიობის ზრდაა. სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფართო მასების, მოყვარული სპორტსმენების ჩართულობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის მეტად პოპულარიზაციის წინაპირობაა. ამჯერად მხოლოდ სამ სახეობაში ჩავატარებთ ფესტივალს. მომავალ წელს კი უფრო მრავალფეროვანს და შესაბამისად საინტერესოს გავხდით” – განაცხადა მაია აზარაშვილმა.
“საქართველო 2014”-ის პირველ სათამაშო დღეს – 31 მაისს გლდანის ხელბურთის აკადემიაში მინი-ფეხბურთის გუნდები პირველი ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ. ამ სახეობაში, შეჯიბრება დასავლეთ და აღმოსავლეთ ლიგების პრინციპით, წრიული სისტემით ჩატარდება. ორივე მხარე 8-8 გუნდით იქნება წარმოდგენილი. საუკეთესო ოთხეულები პლეი ოფში გავლენ. ორ-ორი უძლიერესი კი ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას. აქედანვე დაგეგმილია, რომ ფესტივალის ფინალური ეტაპი 26-28 სექტემბერს, საქართველოს საზღვაო საკურორტო ზონაში შედგება.
რაც შეეხება მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთს, რეგიონების უძლიერესი სპორტსმენები და გუნდები ლოკალური შეჯიბრებების შედეგად გამოვლინდებიან.