სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

20:30 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საპრიზო ადგილები ეროვნული ნაკრების წევრებმა გაინაწილეს

დასრულდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.

ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა (2430 ქულა) მოიპოვა, რომელიც ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი. ჯავახიშვილმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა, 11 შესაძლებლობიდან 9.5 ქულა დააგროვა და II-III ადგილებზე გასულ ნინო ხურციძესა (2456) და ბელა ხოტენაშვილს (2527) 1.5 ქულით გაუსწრო. ბოლო ტურში ჯავახიშვილი მე-10 ადგილზე გასულ ანა კუჭავას (2149) დაუზავდა.

ქვეყნის ახალმა ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა პირველი ადგილისთვის დაწესებულ ოქროს მედალთან, სპეციალურ თასთან და დიპლომთან ერთად პირველი ადგილისთვის დაწესებული 5 500 ლარი და 2014 წლის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატობა მიიღო. ამავდროულად, დაფინანსდება 2014 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, წარდგენილი იქნება სტიპენდიაზე და უკონკურსოდ იქნება დაშვებული საქართველოს ქალთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე.

ბოლო ტურამდე უცნობი იყო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელთა ვინაობა. აღნიშნულ ადგილებზე პრეტენზიას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ნინო ხურციძე (7.5 ქულა), ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ბელა ხოტენაშვილი (7), ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი მერი არაბიძე (6.5) და საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გვეტაძე (6.5) აცხადებდნენ. ხურციძე გვეტაძეს დაუზავდა და 8.0 ქულა გაუხდა. სოფო ნიკოლაძის დამარცხების შემდეგ ხოტენაშვილმაც 8.0 ქულა დააგროვა, მაგრამ უარესი კოეფიციენტის გამო მე-3 ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

აწ უკვე ქვეყნის ექს-ჩემპიონმა და მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ხურციძემ, ჩემპიონის დარად ასპარეზობა დაუმარცხებლად დაასრულა (5 მოგება, 6 ფრე). ამ წარმატებისთვის ხურციძე, ვერცხლის მედალთან ერთად, პრიზის სახით 4 500 ლარს მიიღებს. ფედერაციის მიერ დაფინანსდება ევროპის 2014 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე. წარდგენილი იქნება სტიპენდიაზე და უკონკურსოდ იქნება დაშვებული საქართველოს 2015 წლის ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე.

მე-3 ადგილოსანი ხოტენაშვილი ბრინჯაოს მედალთან ერთად 3 500 ლარს მიიღებს. ასევე წარდგენილი იქნება სტიპენდიაზე და უკონკურსოდ იქნება დაშვებული საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე.

ასევე საპრიზო იყო მე-4 – მე-5 ადგილები, რომლებისთვისაც, შესაბამისად 2 500 და 1 500 ლარი იყო დაწესებული. შავებით მოთამაშე არაბიძე მოულოდნელად დამარცხდა უმოტივაციო ინგა ხურცილავასთან (3.5) და საბოლოოდ მე-5 ადგილი და 1 500 ლარი მიიღო. მე-4 ადგილი და 2 500 ლარი კი 7.0 ქულის მქონე გვეტაძეს ერგო, რომელმაც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება პირველ ლიგაში წარმატებული თამაშის შემდეგ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ლელა ჯავახიშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის. ბოლოს მან ეს ტიტული 2007 წელს მოიგო, პირველად კი 2001 წელს გახდა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული.

მე-11 ტურის ტექნიკური შედეგები:

ინგა ხურცილავა – მერი არაბიძე 1:0

ლელა ჯავახიშვილი – ანა კუჭავა 0.5:0.5

ბელა ხოტენაშვილი – სოფო ნიკოლაძე 1:0

ნანი უნაფქოშვილი – სოფო გურამიშვილი 0:1

ნინო ხურციძე – სოფო გვეტაძე 0.5:0.5

ნინო ბაციაშვილი – ნინო ხომერიკი 1:0

71-ე ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო მდგომარეობა

  1. ჯავახიშვილი (2430) – 9.5
  2. ხურციძე (2456) – 8.0
  3. ხოტენაშვილი (2527) – 8.0
  4. გვეტაძე (2334) – 7.0
  5. არაბიძე (2374) – 6.5
  6. ბაციაშვილი (2428) – 6
  7. გურამიშვილი (2400) – 6
  8. ხურცილავა (2232) – 4.5
  9. ხომერიკი (2047) – 3.5
  10. კუჭავა (2149) – 2.5
  11. ნიკოლაძე (2201) – 2.5
  12. უნაფქოშვილი (2061) – 2.0
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.166862