კალათბურთი

2:33 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიქსი” ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

ვიქტორ სანიკიძის “უნიქსმა” ევროლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალურ მატჩში ფრანგული “ვილერბანი” უმძიმეს ბრძოლაში 88:79 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახდა.

ყაზანელები მე-3 მეოთხედში მეტოქეს 41:60 ჩამორჩნენ, თუმცა, შემდეგ რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი 23:2 (!) მოიგეს და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს. საერთო ჯამში, რუსულმა კლუბმა მე-2 ტაიმში 49:26 იმარჯვა.

ქართველი კალათბურთელი “უნიქსის” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 13:40 წუთში კი 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. “ვიკამ” სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ყაზანელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები იყვნენ: ჯეიმს უაიტმა 21 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, დ’ორ ფიშერმა – 18 ქულა და 8 მოხსნა, კერტის ჯერელსმა კი – 15 ქულა და 5 პასი. “ვილერბანის” მაისურით ჩინებულად ითამაშა ცენტრმა დევიდ ანდერსენმა: 24 ქულა, 9 მოხსნა.

ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე “უნიქსი” “ა” ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ესპანური “რეალი”, თურქული “ეფესი”, ლიტვური “ჟალგირისი”, იტალიური “სასარი” და რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი” ეყოლება.

0.123361