ვიქტორ სანიკიძის “უნიქსმა” ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მატჩი ჩაატარა და პოლონურ “ჟიელონა გორას” მართალია, გაჭირვებით, თუმცა, მაინც მოუგო – 90:86.
აღსანიშნავია, რომ ყაზანური კლუბი პირველი ტაიმში სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა, პოლონეთის წარმომადგენელმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მე-2 ტაიმში ანგარიშის გათანაბრებაც შესძლო.
საბოლოოდ, გამარჯვება მაინც უფრო გამოცდილ უნიქსელებს დარჩათ, რაშიც ქართველმა კალათბურთელმაც სოლიდური წვლილი შეიტანა. ყაზანელთა დამრიგებელმა არგირის პედულაკისმა პირველ ტაიმში “ვიკა” მხოლოდ ექვსიოდ წუთით დატვირთა, თუმცა, მე-2 ნახევარში ქართველის სარგებლიანი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენია და გადამწყვეტ ჟამს იგი მოედნიდან აღარც გაუყვანია.
სანიკიძემ 20:52 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა და შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ამერიკელებს – კიტ ლენგფორდს და კერტის ჯერელს ჩამორჩა, რომელთაც 22-22 ქულა ჩააგდეს. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჟიელონა გორას” რიგებში შეუდარებელი იყო უკრაინის ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი სტივენ ბურტი, რომელმაც 26:10 წუთში 30 ქულა ჩააგდო, ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ კი 31:30 წუთში თამაშიდან 9-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და 7 ქულას დასჯერდა.
ამ გამარჯვების წყალობით, “უნიქსმა” ბელგიურ ოსტენდეში მიმდინარე მინი-ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, სადაც დღეს იერუსალიმის “ჰაპოელს” ეთამაშება. ებრაულმა გუნდმა ჩეხურ “ნიმბურკს” 94:84 სძლია. ფინალის მე-2 საგზურისთვის ფრანგული გუნდები – “ვილერბანი” და “სტრასბურგი” იბრძოლებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი 26 სექტემბერს ჩატარდება და გამარჯვებული ევროლიგის “ა” ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქეებად ესპანური “რეალი”, თურქული “ეფესი”, ლიტვური “ჟალგირისი”, იტალიური “სასარი” და რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი” ეყოლება.