კალათბურთი

23:22 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს – “რეალი”, ბურჯანაძეს – “ვალენსია”

ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პლეი ოფის პირველ რაუნდში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” უმთავრეს ფავორიტ მადრიდის “რეალს” ეთამაშება, ხოლო ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” ძალებს მეორეადგილოსან “ვალენსიასთან” მოსინჯავს.

ჩემპიონატის ბოლო 34-ე ტურში ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდმა წააგო. სარაგოსელები ერთ-ერთ აუტსაიდერ “მურსიას” ესტუმრნენ და სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის (28:42) გამოისობით, 82:90 წააგეს.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 20:47 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

არაგონელთაგან ყველაზე მეტი – 16-16 ქულა ჯონატან ტაბუმ და პედრო ლომპარტმა ჩააგდეს, სტუმართა მარცხის ძირითადი მიზეზი ფარზე სუსტი თამაში გახსნა. “სარაგოსას” ტრავმირებული ცენტრი ჰენკ ნორელი აკლდა და მოხსნებში საგრძნობლად დაიჩაგრა – 43:32

სანიკიძის კლუბი 18 მოგებით და 16 მარცხით მე-8 ადგილზე გავიდა, ასეთივე მონაგარის მქონე “კახასოლმა” კი ასპარეზობა მე-7 პოზიციაზე დაასრულა. უკანასკნელ ტურში ბურჯანაძის კლუბი “ბარსელონას” ესტუმრა და 70:88 წააგო.

ქართველი ფორვარდი მოედანზე ზუსტად 07:00 წუთი გამოჩნდა და 1 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბურჯანაძემ თამაშიდან ოთხივე ტყორცნა (3 ორქულიანი და სამქულიანი) ააცილა და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ჩეხეთი ნაკრების კალათბურთელები ტომაშ სატორანსკი (12 ქულა, 6 პასი) და ონდრეი ბალვინი (11 ქულა, 7 პასი) გამოირჩნენ, “ბარსელონას” კი ახალგაზრდა სერხიო აბრინესმა ულიდერა, რომელმაც 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და თავი 29 ქულას მოუყარა. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა 10:22 წუთში 9 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

“სარაგოსას” და “კახასოლის” საპლეიოფო მეტოქეების შესახებ ზემოთაც მოგახსენეთ, მეოთხედფინალის დანარჩენი წყვილები კი ასე დაკომპლქტდა: “უნიკახა”-“გრან კანარია” და “ბარსელონა”-“ლაბორალ კუჩა”.

0.117153