კალათბურთი

14:03 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს და შერმადინს ლიტვურ, თურქულ და ხორვატულ გუნდებთან დაპირისპირება მოუწევთ

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ესპანურმა “სარაგოსამ”, რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი ირიცხებიან, ევროთასის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, ახლა კი, არაგონელთა მომავალი მეტოქეების შესახებაც მოგახსენებთ.

სარაგოსელები P ჯგუფში მოხვდნენ, სადაც თამაში თურქულ “ბეშიქთაშთან”, ხორვატულ “ცედევიტასთან” და ევროლიგის D ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ – ლიტვურ “ლიეტუვას რიტასთან” მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ევროთასის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე სულ 32 გუნდი მოხვდა, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, მერვედფინალში კი ჯგუფების ორ-ორი მოწინავე გავა.

მე-2 ეტაპი მომავალი წლის 7 იანვრიდან 19 თებერვლამდე გასტანს და ქართველთა კლუბს მიმოსვლითი სისტემით ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს.

თუკი “სარაგოსამ” პირველი ან მეორე პოზიციის დაკავება მოახერხა, საქმის დაჭერა L ჯგუფის პირველ ან მეორეადგილოსანთან მოუწევს, რომელშიც სერბული “ცრვენა ზვეზდა”, რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი”, ბერძნული “პანიონიოსი” და ესპანური “ბილბაო ბასკეტი” მოხვდნენ.

0.116978