ქართველი მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძე (2541) ინდოეთის ქალაქ გურგაონში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა 10 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
დასკვნით ტურში სანიკიძე შავი ფიგურებით ინდოელ მიშრა სვაიამს (2426) დაუზავდა და მას, ამერიკელ რასეტ ზიატდინოვს (2354) და კიდევ ერთ ინდოელ აპ კარტიკს (2179) კოეფიციენტებით აჯობა.
ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა (2547) ბოლო პარტია შავებით ინდოელ ნიკილ შიამთან (2424) წააგო და 6.5 ქულით 33-ე ადგილზე გავიდა.