კალათბურთი

17:58 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ ამჯერადაც გაიბრწყინა

საქართველოს ნაკრების და "სარაგოსას" ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ მადრიდის “რეალთან” მეოთხედფინალური სერია ჩინებულად ჩაატარა, თუმცა, მისმა გუნდმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა.

სასიხარულოა, რომ სანიკიძე ორივე მატჩში გამორჩეული გახლდათ. პირველ შეხვედრაში ვიქტორმა 12 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა და თამაშის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მე-2 შეხვედრაში კი მასპინძელთა რიგებში ისევ საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (22) ჰქონდა.

საშინაო მატჩში არაგონელებმა გაცილებით შედეგიანად ითამაშეს, თუმცა, დაცვაში სუსტად გამოიყურებოდნენ და 95:101 წააგეს. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:13 წუთი გაატარა და 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ვიქტორმა 2-ვე ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“სარაგოსას” რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ხორვატი დამიან რუდეზი იყო, 10-ქულიან ზღვარს კი მაიკლ როლი (15), ჯოზეფ ჯოუნსი (13) და ჩინემელუ ელონუც (12) ასცდნენ.

მადრიდელთა შემადგენლობაში მინიმუმ 10 ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა, საუკეთესო სარგელიანობის კოეფიციენტი კი ნიკოლა მიროტიჩს (15 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი) ჰქონდა.

ამგვარად, “რეალმა” ნახევარფინალში გააღწია, სადაც “უნიკახას” და “გრან კანარიას” შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ნახევარფინალში მეტოქეს ელის “ბარსელონას”, რომელმაც თორნიკე შენგელიას მომავალ კლუბ “ლაბორალ კუჩას” სერია ასევე 2:0 მოუგო.

მეორე შეხვედრაში, რომელიც ბასკეთში შედგა, კატალონიელებმა 95:71 იმარჯვეს, საქართველოს ნაკრების ექს-მოთამაშე ჯეიკობ პულენმა კი 17:25 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ნახევარფინალში “ბარსა” ბექა ბურჯანაძის “კახასოლს” და “ვალენსიას” სერიაში გამარჯვებულს ელის, რომელშიც ანგარიში 1:1 გახლავთ. სევილიაში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 84:78 მოიგეს, ქართველ ფორვარდს კი თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.

0.119189