კალათბურთი

15:10 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე “უნიკახას” და “უნიქსს” შორის არჩევს

ესპანური malagahoy-ს ცნობით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ფორვარდ ვიქტორ სანიკიძის ახალი კლუბის ვინაობა დღესვე გაირკვეს და ეს ან მალაგას “უნიკახა” იქნება ან ყაზანის “უნიქსი”.

კარგა ხანია ცნობილია, რომ ქართველი ფორვარდი ესპანურ “სარაგოსაში” დარჩენას აღარ აპირებს და ახალი გუნდის ძიებაშია. ბოლო კვირეებში მის ყველაზე რეალურ მსურველთა შორის სწორედ “უნიკახა” სახელდებოდა და თითქოს კონტრაქტის ხელმოწერასაც წინ არაფერი ედგა, თუმცა, უკანასკნელ დღეებში “მდიდარი რუსული კლუბის” ვარიანტიც გამოჩნდა.

ესპანური წყაროების ცნობით, “უნიქსი”, რომელსაც ევროლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თამაში ელის და სავარაუდოდ, უმთავრეს ევროპულ ტურნირში ასპარეზობის უფლებასაც მოიპოვებს, სანიკიძეს ფინანსურად უკეთეს წინადადებას სთავაზობს, თუმცა, თავად ქართველი კალათბურთელი მალაგელთა მხარეს უფრო იხრება.

ცნობისთვის, ჟოან პლაზას გუნდს ევროლიგის ძირითად ეტაპზე თამაში უკვე განაღდებული აქვს და B ჯგუფში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს, რიკი ჰიკმანის “მაკაბის”, გერმანულ “ალბას”, ხორვატულ “ცედევიტას” და ფრანგულ “ლიმოჟს” ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ეროვნული ნაკრების რიგებში მყოფ სანიკიძეს მცირე ტრავმა აწუხებს და ბოლო 2 საკონტროლო მატჩი გამოტოვა, თუმცა, არსებობს შანსი, რომ 30 ივლისს ვილნიუსში ლიტველებთან დაგეგმილ მე-2 შეხვედრაში უკვე მოედანზე იყოს.

0.112555