კალათბურთი

22:40 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე საუკეთესოა, “სარაგოსა” “რეალთან” დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ესპანური კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ მადრიდის “რეალს” მე-3 მეოთხედის ბოლომდე ტოლსწორად ებრძოლა, თუმცა, საბოლოოდ 79:92 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების ფორვარდი კი სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.

არაგონელებმა კასტილიელებს პირველი ტაიმი 1 ქულის სხვაობით მოუგეს და დაახლოებით 25 წუთი საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებოდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში “სამეფო კლუბის” ლიდერებს ვეღარაფერი მოუხერხეს.

“რეალის” უმთავრესმა ვარსკვლავმა რუდი ფერნანდესმა 24:37 წუთში 30 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც საოცარი ჰქონდა – 40.

ამ მხრივ შეხვედრაში მე-2 მაჩვენებელი (19) ქართველ ფორვარდს აღმოაჩნდა, რომელმაც 21:33 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. სანიკიძის მონაგარი უკეთესიც იქნებოდა, სტუმართა თავკაც ხოსე ლუის აბოსს დასკვნით მეოთხედში რომ არ დაესვენებინა.

ვიქტორმა 5-ვე ორქულიანი და ბონუს-საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ქართველი კალათბურთელის გარდა, “სარაგოსას” მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 4 მოთამაშე ასცდა: ჯოზეფ ჯონსი (14), ჯონათან ტაბუ (14), ტომას პერე (13) და იონ სტეფანსონი (11).

არაგონელებმა 16 მოგების წილ მე-14 მარცხი განიცადეს და "ლაბორალ კუტხასთან" და ბექა ბურჯანაძის "კახასოლთან" ერთად მეექვსე-მერვე ადგილებს იყოფენ. შეგახსენებთ, რომ “სარაგოსას” უფრო დაბლა დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგანაც პლეი ოფს მიღმა დარჩება.

სანიკიძის კლუბს მომდევნო მატჩი 8 მაისს, შინ, მადრიდულ “ესტუდიანტესთან” ელის.

0.117363