კალათბურთი

16:17 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე საუკეთესოა, “სარაგოსა” ბასკებთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ჩინებული თამაში ჩაატარა ვიქტორ სანიკიძემ. ქართველი ფორვარდი ბასკურ “ლაბორალ კუჩასთან” საშინაო შეხვედრაში საუკეთესო გახლდათ, თუმცა, მისმა “სარაგოსამ” 75:88 წააგო.

სანიკიძემ მოედანზე 28:51 წუთი გაატარა და არაგონელებს 16 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ვიქტორმა 8-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდენ.

შედეგად, საქართველოს ნაკრების ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ისიც ვთქვათ, რომ მე-3 მეოთხედის მიწურულს სანიკიძემ წელი დაიშავა და მოედანი თანაგუნდელთა დახმარებით დატოვა, თუმცა, საბედნიეროდ, თამაშში დაბრუნება მოახერხა.

სარაგოსელებს 18 მოგების წილ მე-15 მარცხი მოუგროვდათ და მე-6 ადგილი სწორედ “ლაბორალ კუჩას” დაუთმეს, თავად კი, მე-8 პოზიციმდე დაქვეითდნენ. იდენტური მაჩვენებელი აქვს და პლეი ოფში თამაში ასევე განაღდებული აქვს “კახასოლსაც”, რომლის რიგებშიც ბექა ბურჯანაძე იცავს.

სევილიელებმა დრამატულ ბრძოლაში “ხუვენტუტი” 83:81 დაამარცხეს. ქართველმა კალათბურთელმა ბადალონელთა წინააღმდეგ მხოლოდ 01:43 წუთი ითამაშა და ერთადერთი ორქულიანის აცილება მოასწრო, უფრო სწორად, მას მეტოქემ დაუფარა.

ესპანური ლიგის დასკვნითი ტური 24-25 მაისს შედგება. “სარაგოსა” “მურსიას” ესტუმრება, ხოლო “კახასოლი” ასევე გასვლაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს. თუკი არაფერი შეიცვალა, მეოთხედფინალში სანიკიძის კლუბი მადრიდის ”რეალს” გაეჯიბრება, ხოლო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები ძალებს “ვალენსიასთან” მოსინჯავენ.

0.148459