კალათბურთი

0:42 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში ითამაშებს

ვიქტორ სანიკიძის “უნიქსმა” ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მე-2 მატჩიც მოიგო და ჯგუფურ ეტაპამდე 1 გამარჯვებაღა აშორებს.

ბელგიურ ოსტენდეში მიმდინარე შეჯიბრის ნახევარფინალში ყაზანელები იერუსალიმის “ჰაპოელთან” კარგა ხანს აგებდნენ და პირველი ტაიმი 6 ქულითაც დათმეს, თუმცა, მე-2 ნახევარში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 82:71 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მე-2 ტაიმში, როდესაც თამაშის ბედი წყდებოდა, უმეტესი დრო მოედანზე გახლდათ.

სანიკიძემ 19:58 წუთს ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. “ვიკამ” 2-ვე ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

რუსული კლუბის რიგებში 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. საუკეთესო ფიშერი იყო 16 ქულით, მას კი ზისისი (15), ჯერელსი (15), უაიტი (11) და ლენგფორდი (10) მიჰყვნენ.

ფინალში, რომელიც 26 სექტემბერს შედგება, “უნიქსის” მეტოქე “ვილერბანი” იქნება, რომელმაც ფრანგულ დერბიში “სტრასბურგს” 74:65 მოუგო. ცნობისთვის, “ვილერბანს” ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ტორინა გრინმა ულიდერა, რომლის მონაგარიც 15 ქულა და 12 პასი გახლდათ.

საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული ევროლიგის “ა” ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქეებად ესპანური “რეალი”, თურქული “ეფესი”, ლიტვური “ჟალგირისი”, იტალიური “სასარი” და რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი” ეყოლება.

0.136663