ინტერვიუები

20:01 | 5.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო შუღლაძე – საქართველო თუ უკრაინა?

უკრაინის პირველ ლიგის ლიდერ “სევასტოპოლში” 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, სანდრო შუღლაძე თამაშობს - საქართველოს მოქალაქეა, თუმცა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა, თუ არაფერი შეიცვალა და ჩემი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში არ დამიძახებენ, უკრაინის მოქალაქეობას მივიღებ, ეგებ, მათ ნაკრებს დავჭირდეო.
შუღლაძე საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა დაცვაშიც ხშირად უთამაშია და როგორც თვითონ გვითხრა, ფლანგებზეც აყენებდნენ და ცენტრშიც. სანდრო არდადაგებზე თბილისში იყო ჩამოსული და აქ დავუკავშირდით:
-    თავიდან ის გვითხარი, როგორ აღმოჩნდი უკრაინაში?
-    11 წლის ვიყავი, ოჯახი უკრაინაში რომ გადავიდა საცხოვრებლად. თერჯოლაში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ფეხბურთზეც პირველად თერჯოლაში შევედი. უკრაინაში კი თავიდანვე “სევასტოპოლში” მივედი და 15 წლის ვიყავი, მთავარ გუნდში რომ ამიყვანეს. მანამდე რამდენიმე თვით ადრე კი უკრაინის ბავშვთა ლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.
-    “სევასტოპოლის” ძირითად გუნდში ამ სეზონში არ გითამაშია?
-    არა. ტრავმებმა გამაწამა, 2007 წელი მენისკის გამო გამოვტოვე, შარშან კი მუხლის ოპერაცია გავიკეთე. ახლა კარგად ვარ, ხვალ სევასტოპოლში მივდივარ და მეორე წრისთვის ვარჯიშებს ვიწყებთ.
-    როგორ ფიქრობ, მოგიწევს თამაში მეორე წრეში?
-    ვფიქრობ, კი. მართალია, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მწვრთნელებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ.
-    “სევასტოპოლი” პირველი ლიგის ლიდერია და იმედია, ახალ სეზონში ვიშა ლიგაში ითამაშებთ…
-    მეორე ადგილზე მყოფს 7 ქულით ვუსწრებთ, საკმაო უპირატესობაა და იმედია, მიზანი ასრულდება.
-    როგორც ვიცით, საქართველოს მოქალაქე ხარ – ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, მომრავლდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც უცხო ქვეყნის პასპორტებს იღებენ…
-    ჯერჯერობით, საქართველოს მოქალაქე ვარ და ძალიან მინდა, ჩემი ქვეყნის ნაკრებს გამოვადგე, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრებიდან არსოდეს არავინ შემხმიანებია. შესაძლოა, აპრილში უკრაინის მოქალაქეობა ავიღო – ვინ იცის, იქაურ ნაკრებში შანსი გამომიჩნდეს.
-    უკრაინელებმა შემოგთავაზეს მოქალაქეობა?
-    14 წლის ვიყავი, როცა უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის ნაკრებში თამაში შემომთავაზეს. უარი ვთქვი. მინდოდა და დღესაც მინდა, რომ საქართველოს სახელით ვითამაშო.
კახა მაღრაძე








 
 







 

0.117239