საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში ესტონური “კალიუს” წინააღმდეგ სრულად ითამაშა 39-ე წუთზე გოლიც გაიტანა.
26 წლის ფეხბურთელს უკრაინის ჩემპიონატების თამაშებში მონაწილეობის მიღება არ უწევს, მაგრამ ევროპის ლიგაზე მას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ეძლევა და ისიც მაქსიმალურად ცდილობს მწვრთნელებს თავი მოაწონოს. ტალინელებთან 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ კობახიძე Football.ua-ს ესაუბრა.
- თამაშის დასაწყისში უსიამოვნო ამბავი შეგემთხვათ და სამედიცინო დახმარება დაგჭირდათ.
- ჩვეულებრივი საფეხბურთო სიტუაცია იყო. ყველაფერი შემთხვევით მოხდა - ერთმანეთს თავებით შევეჯახეთ. არაფერი განსაკუთრებული, ასეთი რამ ხდება ხოლმე.
- თამაში საკმაოდ აქტიურად ჩაატარეთ.
- დიდი ხანია მოედანზე არ გავსულვარ და თამაში მომენატრა. მსურდა თავი წარმომეჩინა. სტადიონზეც ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და მოედანზეც ფეხბურთის სათამაშოდ გავედი.
- აქ უფრო გაგიჭირდათ ვიდრე ტალინში?
- ასე ვერ ვიტყოდი. ჩვეულებრივი თამაში იყო. ჩვენ მას სრული სერიოზულობით მივუდექით, თითქოსდა პირველი შეხვედრის შედეგი არ არსებობდა. მით უმეტეს, რომ დღეს მოედანზე ის ფეხბურთელები გავედით, რომლებსაც ჩვეულებრივ თამაში იშვიათად გვიწევს და ყველას გვსურდა თავი საუკეთესოდ წარმოგვეჩინა.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშში მთელი სული და გული ჩააქსოვეთ?
- ყველა თამაში სრული მონდომებით უნდა ჩაატარო.
- მაგრამ დღეს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური წნეხი არ გქონდათ. პირველი მატჩის შედეგი მშვიდად ყოფნის საშუალებას გაძლევდათ.
- რა თქმა უნდა ამ კუთხით მართლაც მშვიდად ვიყავით. სტუმრად მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, დღეს მოდუნების საშუალება გვქონდა.
- გაიხსენეთ თქვენს მიერ გატანილი გოლი.
- სელეზნიოვმა ძალიან კარგი გადაცემა გამიკეთა. მეკარესთან პირისპირ აღმოვჩნდი, დავინახე, რომ კუთხე თავისუფალი იყო და იქით დავარტყი. გამიმართლა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
- მალე კენჭისყრა შედგება. არიან ისეთი გუნდები, რომლებსაც მეტოქეებად ისურვებდით?
- კენჭისყრას ყველანი მოუთმენლად ველი, მაგრამ პირადად მე რაიმე კონკრეტული სურვილი არ მაქვს. ამ ეტაპზე უმთავრესი ისაა, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით და წინ საინტერესო თამაშები გველის.