საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “არსენალის” ნახევარმცველი სანდრო კობახიძე მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას გეგმავს, ხოლო უკრაინის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე თანაქალაქელ “დინამოსთან” მატჩს მოუთმენლად ელის.
- საქართველოს ნაკრებში ჩატარებულმა თამაშმა დიდი ძალა წაგართვათ?
- საკმაოდ. ალბანეთთან მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მეტოქე უკვე დებიუტში დაწინაურდა და ამიტომ, ჩვენთვის თამაშის შემოტრიალება არცთუ იოლი იყო.
- ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა?
- ამჟამად, ჩვენთან ახალი გუნდი იქმნება. ნაკრებში ბევრი ახალი სახეა. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევთამაშდეთ და საკუთარი თამაში ვიპოვოთ.
- თქვენ ფიზიკურ მდგომარეობას როგორ აფასებთ?
- ფიზიკურად საუცხოოდ ვარ მზად. “არსენალთან” ერთად თურქეთში სამი შეკრება გავიარე და ძალიან კარგად ვიშრომეთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობის შედეგები ჩემპიონატის თამაშებში გამოჩნდება.
- ერთ-ერთი შეკრების შემდეგ, ევგენი ბოროვიკმა ინტერვიუში თქვა, რომ საღამოს საწოლამდე გაჭირვებით აღწევდა. ლეონიდ კუჩუკს სერიოზული დატვირთვები აქვს?
- შემიძლია ვთქვა, რომ იოლი ნამდვილად არ იყო. ის რაც ჟენიამ თქვა, ჩემთვის კარგადაა ნაცნობი. ზოგჯერ ვარჯიშის შემდეგ მოვდიოდი და გახდის თავი არ მქონდა – ლოგინზე ტანსაცმლიანად ვეცემოდი. პრინციპში, ეს ნორმალურია. შეკრებაზე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, რომ შემდეგ უფრო გაგიდვილდეს.
- შეკრებაზე ყველაზე მეტად რა გიჭირთ?
- გაღვიძება. დილით ადრე ადგომა მიჭირს.
- თანაგუნდელებიდან ვინ გაღვიძებდათ?
- ამ დავალებას ჩემ ნომერში მაღვიძარა უმკლავდებოდა.
- არ ნანობთ, რომ ნაკრებში გამოძახების გამო “ანჟისთან” ამხანაგური შეხვედრა გამოტოვეთ?
- საკუთარი ძალების ეტო’ოსა და “ანჟის” სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ ნამდვილად მსურდა. თუმცა, სხვა არჩევანი არ მქონდა – ქართველისთვის ნაკრებში გამოძახება წმინდა საქმეა.
- თურქეთში ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში ლეონიდ კუჩუკი რომელ პოზიციაზე გათამაშებდათ?
- ძირითადად ჩემს საყვარელ პოზიციაზე – მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობდი. თუმცა, ზოგიერთ მატჩებში თამაში მარჯვენა ფლანგზეც მომიწია.
- “არსენალში” ბრაზილიელი ლეანდრუს მისვლის შემდეგ, შუა ხაზში კონკურენცია გაიზარდა. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის მთავარ კონკურენტად ვის თვლით?
- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. ყველა თანაგუნდელთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს. ჩემთვის ისინი კონკურენტები კი არა, მეგობრები არიან.
- სეზონის განახლებას მოუთმენლად ელით?
- რა თქმა უნდა! მითუმეტეს, რომ პირველ მატჩს “ოლიმპიისკიზე” “დინამოსთან” ვატარებთ. ჩვენთვის ამ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. “არსენალის” ამოცანაა, რომ ევროპის ლიგაში მოხვდეს, ამიტომ ჩემპიონატის დარჩენილი მონაკვეთი მაქსიმალური მონდომებით უნდა ჩავატაროთ. ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით და იმედი მაქვს, რომ “დინამოს” ბრძოლას გავუმართავთ.
- როგორ ფიქრობთ “ოლიმპიისკიზე” ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბება?
- რაიმე ციფრის დასახელებისთვის მზად არ ვარ, მაგრამ მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს. იმედი მაქვს, რომ ცივი ამინდი გულშემატკივრებს არ შეაშინებს.
- მოედანზე ხომ “დაცხება”...
- რა თქმა უნდა! ამ სეზონში უკვე მოვახერხეთ “შახტარისთვის” ქულების ართმევა. შევეცდებით, “დინამოს” წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ. მესმის, რომ “არსენალი” დედაქალაქურ დერბიში ძირითადად აგებდა ხოლმე, მაგრამ ახლა ეს ტრადიცია უნდა დავარღვიოთ.
ლაშა თაბაგარი