ფეხბურთი

17:33 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “ნაკრებმა ერთი რომ გაისროლოს, მაშინვე აიწევს ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი”

 

უკრაინული “დნიპრო” ესპანეთში შეკრებაზეა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა სანდრო კობახიძემაც, რომელსაც ბოლო ტესტ-მატჩი ფეხის ტკივილის გამო არ უთამაშია. სულ ორი დღე გაუცდა.

“მსოფლიო სპორტი” კობახიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა – მათ შორის, ნაკრებზე და კიდევ იმაზე, თუ რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები სუსტ გუნდებში:

-       როგორ მიმდინარეობს შეკრება და პირადად თქვენი მზადყოფნით რამდენად ხართ კმაყოფილი?

-       კარგად ვემზადებით. ჯერ პირველი შეკრებაა და უფრო ფიზიკურ ვარჯიშებზეა აქცენტი, მეორე შეკრება კი ტაქტიკაზე იქნება გათვლილი და მეტი საკონტროლო მატჩიც მოგვიწევს. ჩემი მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ორი დღე გამიცდა. მთლიანობაში, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

-       როგორ ფიქრობთ, პირველ წრესთან შედარებით, მეტი სათამაშო დრო გექნებათ? ამის შესახებ “დნიპროს” მწვრთნელ რამოსთან ხომ არ გისაუბრიათ?

-       ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებ, დანარჩენი კი მწვრთნელზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მეტი შანსი მომეცემა, რათა თავი გამოვიჩინო. რამოსთან ამ საკითხზე არ მისაუბრია, მაგრამ ვატყობ, კონკურენციაა და ჩემი უნდა გავიტანო.

-       რომელიმე კლუბში განათხოვრებაზე ხომ არ ყოფილა საუბარი?

-       პრესაში დაიწერა რამდენჯერმე, მაგრამ “დნიპროს” ხელმძღვანელობასთან ამაზე არ მილაპარაკია. ასე რომ, “დნიპროში” ვრჩები და ვეცდები, თავი დავიმკვიდრო, ხშირად ვითამაშო.

-       “დნიპროს” შეუძლია, რომ უკრაინის ჩემპიონი გახდეს? 

-       შეუძლია, თუ იმ შეცდომებს არ დავუშვებთ, რაც წინა წრეში გვქონდა. ჩემპიონობისთვის საჭიროა, რომ უაზროდ არ ვფლანგოთ ქულები, შემდეგ კი ყველაფერი უშუალო კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, შეგვიძლია, მაგრამ თან რთულია ისეთ გუნდს გაასწრო, როგორც “შახტარია”.    

-       “დნიპრო” ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა სეზონში იყო?

-       ვფიქრობ, კი. უფრო სტაბილური გუნდი ვართ, თუმცა გააჩნია, როგორ ჩავატარებთ მეორე წრეს.

-       ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ლონდონის “ტოტენჰემს” ხვდებით. ალბათ, მოუთმენლად ელით.

-       ძალიან საინტერესო მატჩები იქნება. პირველი თამაში შინ გვექნება და მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება. “ტოტენჰემისთვის” განსაკუთრებული მზადება ჯერ არაა. ალბათ, ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ.

-       განვლილ ტესტ-მატჩებში მარცხნივ უფრო გაყენებდათ რამოსი თუ მარჯვნივ?

-       ბოლო მატჩებში უფრო მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი.

-       საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებზე რას იტყვით? ყველაზე მეტად რა გიშლიდათ ხელს? 

-       ბოლო მატჩებზე ძალიან დამწყდა გული. ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ რამის პრეტენზია გვაქვს, ფინეთს შინ აუცულებლად უნდა ვუგებდეთ. ზოგადად კი, ახალი შესარჩევი ციკლიდან უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, მეტი ამხანაგური მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა შევთამაშდეთ. დასალაგებელია ნაკრებში ატმოსფერო და აღარ უნდა ხდებოდეს ის არასასიამოვნო ფაქტები, რაც ყველამ იცის. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებას ვგულისხმობ, თან საჯაროდ. ვფიქრობ, ყველამ გვერდზე უნდა გადადოს თავისი პრინციპები და ნაკრებზე იფიქროს. ახალ შესარჩევ ციკლს იმედიანად ვუყურებ, ყველანაირად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. თამაშს რაც შეეხება, შეტევაში უფრო თამამად უნდა ვიმოქმედოთ. ეს, უპირველესად, ფეხბურთელებს გვეხება. ნაკრებში შეტევას ნამდვილად არავინ გვიშლის. 

-       ქეცბაიას სიტყვებია: “ჩვენ არავის ვუშლით შეტევაში ჩართვას, მაგრამ ბურთი როცა იკარგება, კეთილი ინებოს და უკან ჩამოვიდეს”. ამას შენიშვნაც არ უნდა სჭირდებოდეს, დღევანდელი ფეხბურთი ასეა. გამძლეობის მხრივ გვიჭირს?  

-       ვეთანხმები ქეცბაიას. ნაკრები ისეთი რამ არის, იქ ფიზიკურად ვერ მოემზადები. ამიტომაც, პროფესიონალები უნდა ვიყოთ და საკუთარ გუნდებში მოვემზადოთ, რათა ნაკრებში მომზადებულები ჩავიდეთ, რათა მწვრთნელს ფიზიკაზე არ სჭირდებოდეს აქცენტის გაკეთება. ყველა გუნდში, რაც არ უნდა ძლიერი შემტევი იყოს, უკან ჩამოსვლა და დახმარება მაინც ევალებათ. ამისგან არავინ გაგათავისუფლებს. 

-       ამ ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები სუსტ გუნდებში გადადიან. თანაც, ერთი შეხედვით კარგი ფეხბურთელები. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?

-       ბევრი რამ განაპირობებს: ნაკრების რეიტინგი, ქართული გუნდების წარუმატებული გამოსვლა ევროთასებზე. ასევე, ფეხბურთელები უცხოეთში ისე ვერ ვიჩენთ თავს, როგორც საჭიროა. ნამდვილად დაეცა მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე - ეს ფაქტია. ჩემი აზრით, ნაკრებმა ერთი რომ გაისროლოს, მაშინვე აიწევს ჩვენი ფეხბურთელების რეიტინგი. ამიტომ უნდა გავიდეთ ახლა ჯგუფიდან: ეს არის ერთადერთი გამოსავალი დღესდღეობით. უნდა ვიბრძოლოთ.  

0.122045