გეცოდინებათ, უკრაინის პრემიერლიგის გასულ ტურში, სანდრო კობახიძის კიევის "არსენალმა" შინ 4:2 სძლია ხარკოვის "მეტალისტს" და ქართველმა შემტევმა 84-ე წუთზე გაიტანა გოლი, რითაც 3:2 დააწინაურა თავისიანები. სანდრომ კლუბის საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს მატჩის გმირად არ მიიჩნევს.
- "მეტალისტთან" მოგება სენსაცია იყო?
- არა. ჩვენ პატივს ვცემდით მეტოქეს, რომელიც ევროპის ლიგის მეოთხედფინალშია გასული. თუმცა მათთან მოგებას სენსაციას ვერ დავარქმევ.
- ეგებ, მეტოქემ ვერ შეგაფასათ?
- არ ვიცი. ვფირობ, არ უნდა გვანაღვლებდეს, თუ როგორ ემზადებოდა "მეტალისტი" ჩვენთან შესახვედრად. ეს მისი პრობლემაა.
- გახსოვთ, "არსენალმა" ბოლოს როდის გაიტანა 4 გოლი?
- უცებ ვერც გეტყვით... არა, მართლა არ მახსოვს.
- რა დავალება მოგცათ მწვრთნელმა ამ მატჩისთვის?
- შეტევა უნდა გამემწვავებინა, ინიციატივა უნდა ამეღო. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ უპირველესად გუნდურად ვართ ძლიერები. ყველას გვქონდა დავალება და მისი შესრულებით წარმატებას მივაღწიეთ.
- გადამწყვეტი გოლი თქვენ გაიტანეთ. მატჩის გმირი ხართ?
- არა, ასე არ ვიტყვი. კოვპაკმა დუბლი შეასრულა და მშვენივრადაც ითამაშა. საერთოდ კი, მთელი გუნდი გმირი იყო. პარტნიორების გარეშე ვერც მე გავიტანდი და ვერც სხვები.
- გოლის გატანის მომენტში არ მოდუნდით და ბოლომდე წახვედით...
- დიახ, მეკარე ბურთს გაცდა, სოსას ზონას გავცდი და გავიტანე. არაფერი გამომიგონებია, უბრალოდ დავარტყი.
- "მეტალისტთან" მატჩი საუკეთესო იყო "არსენელისთვის?
- გაზაფხულზე ჩატარებულ მატჩებს თუ ავიღებთ, ნამდვილად საუკეთესო იყო. წინა სამი მატჩი არასტაბილურად ჩავატარეთ. ახლა კი, ვფიქრობ, "არსენალი" მოუმატებს.
- ადრე რა გაკლდათ?
- ეს ფეხბურთია. ერთ მატჩში ყველაფერი გამოგდის, მეორეში – პირიქით.
- ვადიმ რაბინოვიჩი ("არსენალის" პრეზიდენტი) თამაშის შემდეგ გასახდელში შემოვიდა?
- დიახ. მადლობა გადაგვიხადა.
- გადაზრდილ პრემიებს არ დაგპირდათ?
- ეს შიდა სამზარეულოა.
- "მეტალისთან" მოგებამ "არსენალს" ევროპის ლიგაში მოხვედრის შანსები გაუზარდა...
- ვფიქრობ, ასეა. კარგი შანსი გვაქვს. თუ დარჩენილ მატჩებსაც ასე ჩავატარებთ, აუცილებლად გავალთ ევროპის ლიგაში.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა