უკრაინის თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში სანდრო კობახიძის "ვოლინმა" შინ ჯაბა კანკავას "დნიპრო" 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი ნაბიჯი გადადგა.
"ვოლინი"-"დნიპროს" მატჩში სანდრო კობახიძემ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.
შეხვედრის შემდეგ "ვოლინის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა "დნიპროდან" განათხოვრებული კობახიძის კომენტარი გამოაქვეყნა.
"მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ. კარგად ვითამაშეთ როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. ვფიქრობ, გასულ მატჩში ორივე გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა და განმეორებით მატჩი დნეპრიპეტროვსკში, უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან რთული იქნება.
"დნიპროდან" "ვოლინში განათხოვრების შესახებ კითხვებს ხშირად მისვამენ. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და რომელ კლუბშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვეცდები კარგად ვითამაშო" - განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა.
უკრაინის მერვედფინალის განმორებითი შეხვედრა ქართველთა კლუბებს შორის 29 ოქტომბერს გაიმართება.
გიორგი ბალახაძე