კიევის “არსენალის” ფლანგელ შემტევ სანდრო კობახიძეს უკრაინაში ყოჩაღად თამაში დაუფასდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სექტემბრის ევროშესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახა.
კობახიძე 24 წლისაა და “ჯვაროსნებში” ბოლოს სამწელიწადნახევრის წინათ ითამაშა. დებიუტი კი, 20 წლის ასაკში ჰქონდა ურუგვაისთან 2:0 მოგებულ მატჩში.
სანდრო 2008 წელს თბილისის “დინამოდან” შეიძინა “დნიპრომ” და ისე მოხდა, რომ უკრაინაში კარიერა ვერ აიწყო. ბევრმა ხელი ჩაიქნია ამ ფეხბურთელზე, თუმცა, სეზონი დაიწყო და კობახიძე “არსენალში” მშვენივრად ათამაშდა – განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა გასული ტურის შეხვედრა, როცა ლუგანსკში “ზარიას” დუბლი შეუსრულა და ერთი საგოლე პასიც გაახერხა. ახლადდაწყებულ სეზონში უკვე ორჯერ მოხვდა უკრაინის უმაღლესი ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
“მსოფლიო სპორტი” კობახიძეს კიევში დაუკავშირდა:
- გახარებული იქნებით. კარგა ხანია, ნაკრებში აღარ ყოფილხართ.
- რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთში რამეს წარმოადგენ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა უნდა გსურდეს და თუ მოხვდები, ეს უკვე დიდად სასიხარულოა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდეც ნაკრებში გამოძახება, მაგრამ გაკვირვებაზე მეტად, გამიხარდა.
- ნაკრებში თქვენს ბოლო თამაშს თუ გაიხსენებთ?
- გახსენებაც არ მინდა – ჩრდილოეთ ირლანდიაში საშინლად ვითამაშეთ და 1:4 წავაგეთ. კლაუს ტოპმიოლერის ბოლო მატჩი იყო ნაკრებში.
- სამაგიეროდ, პირველი გემახსოვრება ტკბილად.
- დიახ, ურუგვაისთან მოგება. სულ 5 თამაში მაქვს ნაკრებში ჩატარებული და რა თქმა უნდა, ყველა მშვენივრად მახსოვს.
- უკრაინულ კარიერაზე: რთული პერიოდი გქონდათ და “დნიპროში” იყავით თუ “კრივბასში”, თამაში იშვიათად გიწევდათ. გასული სეზონის მეორე ნახევარიც “არსენალში” გაატარეთ და თითქმის სულ სათადარიგოთა სკამზე. და უცებ ასეთი პროგრესი - საიდან?
- ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი მწვრთნელის შეცვლაშია. იმას კი არ ვამბობ, თითქოს ყველა მწვრთნელი მემტერებოდა, მაგრამ ხშირად შანსს არ მაძლევდნენ. შესაძლოა, მეც დავაკელი რაღაც. მოკლედ, უმეტესად, მწვრთნელთან მქონდა პრობლემები.
- პიროვნულად კონფლიქტური არ ხართ და ალბათ, წმინდა სათამაშო პრობლემებზე ამბობთ.
- დიახ, სათამაშო კუთხით ვგულისხმობ. ასე იყო შარშან “კრივბასშიც”. ვთამაშობდი და მწვრთნელმა უცებ ამითვალწუნა. “არსენალის” ახალი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი კარგი სპეციალისტია, რაც შედეგიდანაც ჩანს – მე-4 ადგილზე ვართ. საერთოდ, “არსენალს” ადრეც კარგი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ მწვრთნელებში ჰქონდა პრობლემები. რაც იყო, იყო. მთავარია, ახლა კარგად მიდის ყველაფერი. უბრალოდ, საწყენია, რომ დრო დავკარგე.
- “ზარიასთან” მატჩზე ვთქვათ…
- კარგი მატჩი ჩავატარე. გოლები მჭირდებოდა და მადლობა ღმერთს, გავიტანე. მთავარი, ამ ფორმის შენარჩუნება და უფრო წინ წაწევაა. რაც უფრო კარგად ვითამაშებ, მცველებიც უფრო ყურადღებით იქნებიან ჩემს მიმართ და ეს უკვე ამოცანას გაართულებს, ამიტომაც, არ უნდა გავჩერდე. თუ ასე ვერ გავაგრძელებ და მოვუკლებ, მერე აღარავის ემახსოვრება, კობახიძემ “ზარიას” 2 გოლი გაუტანაო.
- მუდმივად მარცხენა ნახევარმცველად თამაშობთ?
- 4-3-3-ს ვთამაშობთ და ამ მონახაზში ისე გამოდის, რომ თავდამსხმელად ვითვლები. თუმცა, თავდამსხმელი არ ვარ. წინ ერთი ფორვარდი გვყავს, ორნი კი ფლანგებიდან ვთამაშობთ და დაცვასაც ვეხმარებით. მარცხნივაც ვთამაშობ და მარჯვნივაც.
- “არსენალის” მიზანი ევროპის ლიგაზე გასვლაა?
- დიახ. ხუთეულში, ან ექვსეულში მოხვედრა. კარგი გუნდი გვყავს და ეს შეგვიძლია, თუმცა, კონკურენტებიც ძლიერები არიან.
- ბევრ ქართველს უთქვამს, უკრაინაში თამაში ძნელია და სხვანაირი სპეციფიკისაა, თითქმის მთლიანად ფიზიკაზეა აგებულიო. ამ მხრივ თქვენც გიჭირდათ?
- ეს გასაგებია, მაგრამ ისეთი გუნდებიც არიან, სადაც ტექნიკურ ფეხბურთელებს ძალიან აფასებენ. საერთოდ, ბოლო ერთი წელია, რაც უკრაინაში ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება გამოსწორდა. ადრე, სხვაგვარად გვიყურებდნენ, თითქოს ბევრი არაფერი შეგვეძლო.
- ეს აშკარად შეიმჩნეოდა? და რატომ შეიცვალა დამოკიდებულება უკეთესობისკენ?
- ნებისმიერი შეატყობდა. არ აფასებდნენ ქართველთა შესაძლებლობებს. რატომ შეიცვალა? ათამაშდნენ ჩვენი ფეხბურთელები – თარგამაძე, კანკავა, ლობჟანიძე, ლიპარტია...
- ისე, უკრაინის პრემიერლიგას 2 გუნდის ჩემპიონატად იცნობენ. ისევ დიდი განსხვავებაა “შახტარ”-“დინამოსა” და სხვა კლუბებს შორის თუ ოდნავ მაინც შეიცვალა ვითარება?
- შეიცვალა და თან შესამჩნევად. იმხელა განსხვავება აღარაა, როგორც 3 წლის წინათ იყო. ამაში ყველა დარწმუნდება, “შახტარიც” საკმაოდ დაკარგავს ქულებს, უფრო მეტს კი, “დინამო” დაკარგავს. უკრაინის ჩემპიონატი წლიდან წლამდე ძლიერდება. ისე, “შახტარი” მართლაც ტოპ-კლასის გუნდია, მაგრამ ხომ ნახეთ - ჩვენ ვერ მოგვიგეს...
ილია ნანობაშვილი