სანდრო კობახიძე "დნიპრომ" 5 წლის წინ იყიდა თბილისის "დინამოდან", მაგრამ ქართველ ნახევარმცველს მაშინ შანსი არ მისცემია. ახლა სხვა სიტუაციაა, სანდრო ერთ-ერთი საუკეთესო იყო კიევის "არსენალში" და "დნიპრომ" გადაწყვიტა, თავისი ფეხბურთელი დაებრუნებინა.
კობახიძე "დნიპროს" ახლავს შეკრებაზე. აქვე, კლუბის საიტის ინტერვიუ სანდროსთან:
- ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით აქამდე არ მიმუშავია, ასე რომ, მისი სამწვრთნელო პროცესი განსხვავებულია. გლობალურად კი, შეკრებაზე მუშაობის პრინციპი საერთოა: ფიზიკური მომზადება და ბურთით ვარჯიში. ყველაფერი ნორმალურადაა, სეზონისთვის ვემზადები.
- "დნიპროში" კარგა ხნის წინ იყავით და მას შემდეგ, გუნდმა ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა. ფაქტობრივად, ახალი შემადგენლობაა. როგორ მიდის ადაპტაცია?
- კარგი, მეგობრული ატმოსფეროა. თავიდანვე ხვდები, რომ აქ უცხო და ახალწვეული არ ხარ. ყველანი კომუნიკაბელურნი არიან, ასე რომ, ურთიერთობაში პრობლემა არ მაქვს. მითუმეტეს, ბევრს პირადად ვიცნობ. ასევე ძალიან მეხმარება ჩემი მეგობარი ჯაბა კანკავა.
- "დნიპროს" ამ წლების განმავლობაში შორიდან უყურებდით. რა შეიცვალა გუნდის თამაშში?
- ვფიქრობ, გუნდი უფრო საინტერესო, ტაქტიკურად გამართული და შემტევი გახდა. "დნიპრო" ჩემპიონატში სამართლიანადაა მეორე ადგილზე.
- 2008 წელს რომ დავუბრუნდეთ... რატომ ვერ ითამაშეთ მაშინ "დნიპროში"? ოლეგ პროტასოვი წვრთნიდა გუნდს და შეკრებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ, თუმცა ვერც პროტასოვისა და ვერც ბესონოვის ხელმძღვანელობით, გუნდის ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდეთ.
- სიმართლე გითხრათ, უკან გახედვა და წარსულის გახსენება არ მინდა. უკვე დავივიწყე. ხდება ხოლმე, როცა მწვრთნელთან გაუგებრობა გაქვს. იმ დროს "დნიპროში" ვერ დავმკვიდრდი, თუმცა ვიმეორებ, ეს წარსულია დად ღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
- აგვისტოში "დნიპროს" ბოლო წუთზე გაუტანეთ. ეს პირადად თქვენთვის სხვა მნიშვნელობის გოლი იყო?
- რომ გითხრათ, მნიშვნელობა არ ჰქონდა-მეთქი, გულწრფელი არ ვიქნები. განსაკუთრებული ემოციები მქონდა. თუმცა, ეს გოლი უპირველესად "არსენალისთვის" იყო მნიშვნელოვანი, რადგან ქულა ავიღეთ ბოლო წუთზე.
- "არსენალში" ათამაშდით, საქართველოს ნაკრებში დაბრუნდით. რის ხარჯზე ასეთი პროგრესი?
- ალბათ, ჩემი გუნდი ვიპოვნე. მნიშვნელოვანია, როცა მწვრთნელს შენი სჯერა და შანსს გაძლევს.
- მართალია, რომ ამ ზამთარს კიევის "დინამო" გიწვევდათ?
- კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. ამის შემდეგ ხალხი მსჯელობდა, მე კი არ ვიცოდი, დამეჯერებინა თუ არა. მხოლოდ ფაქტების მჯერა, ჩემთან კი არავინ მოსულა ამ საკითხზე. "დნიპროსთან" კონტრაქტი მაქვს და სხვაგან გადასვლაზე არაფერი ვიცი.
- 5 წელია, რაც უკრაინაში ცხოვრობთ. თქვენი სახლი ისევ საქართველოა?
- ამ კითხვაზე ადრეც მომიწია პასუხის გაცემა. აქ კიდევ 10 წელი რომ ვითამაშო, ჩემი სახლი მაინც საქართველო იქნება. საქართველოში დავიბადე, იქ ცხოვრობენ ჩემთვის უახლოესი ადამიანები. თუმცა, უკრაინა უცხო სულაც არაა, აქ კარგად ვგრძნობ თავს როგორც საფეხბურთო, ასევე მთლიანად ცხოვრებისეული კუთხით.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა