ბევრი ფეხბურთელის კარიერაშია წუთი, რომელიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. "სტად დე ფრანსზე" გოლის გატანა უბრალო საქმე არაა, თუმცა სანდრო კობახიძე უკმაყოფილოა - წავაგეთ და ამ გოლით გულს ვერ დავიმშვიდებო.
სწორედ ესაა პროფესიონალიზმი.
სამწუხაროდ, იმ დროს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და "დნიპროს" ნახევარმცველის გოლმა მხოლოდ ანგარიში "შეალამაზა", თუმცა პირველ ტაიმში მისი მშვენიერი დარტყმული რომ გასულიყო... უგო ლიორისმა საოცარი დარტყმა მოიგერია.
სანდრო საუკეთესო იყო ქართველთაგან და ამას ფრანგული პრესაც აღნიშნავს. 20minutes-მა და L’Express-მაც შეაქეს - დეშამის გუნდს ბევრ პრობლემას უქმნიდაო.
სხვათა შორის, ქართველთა 7 სახიფათო შეტევა დავთვალეთ და შვიდივეში კობახიძე მონაწილეობდა - ან თავად იყო ორგანიზატორი, ან ამთავრებდა. მართალია, პირველ ტაიმში რამდენჯერმე დაკარგა ბურთი, მაგრამ ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია ფეხბურთი...
"მსოფლიო სპორტი" კობახიძეს ესაუბრა:
- ჯერ მთლიანად მატჩი შეაფასეთ. საერთო სურათი...
- რაც უნდა გაგვაკრიტიკონ, მაინც ვიტყვი, რომ გუშინ ჩვენ გვქონდა იმის შანსი, რათა სულ სხვა შედეგით დამთავრებულიყო მატჩი, ანუ, პირველ ტაიმში ჩვენი მომენტები რომ გამოგვეყენებინა. მაგრამ ფეხბურთია და ალბათ კლასიც ესაა: ვინც თავის მომენტებს იყენებს, ისაა ძლიერი და ის იმარჯვებს.
- პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთზე რას იტყვით? მწვრთნელის დავალება იყო, რომ იმ დროს შეგეტიათ თუ თავად იგრძენით?
- არა. უბრალოდ, ასე გამოვიდა. წაგვივიდა შეტევები და გული ძალიან მწყდება, რომ ვერ გავიტანეთ. არ გაგვიმართლა.
- ლიორისის ნახტომი, ალბათ, კარგა ხანს არ დაგავიწყდებათ.
- კი. ალბათ, დიდი ხანი ვიფიქრებ იმ მომენტზე, მაგრამ ფეხბურთია, რას ვიზამთ...
- რა გითხრათ ქეცბაიამ თამაშის შემდეგ?
- მადლობა გადაგვიხადა ბრძოლისთვის. მართლაც, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. შეცდომები გვქონდა, მაგრამ სხვაგვარად რთულია: საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია.
- პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით? მესმის, წაგებით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ მაინც...
- წავაგეთ და ესაა მთავარი. ამ გოლით კი გულს ვერ დავიმშვიდებ. მეც, როგორც თითოეული ფეხბურთელი, გუნდის დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებდი. თუმცა, მთავარი შედეგია და თვითკმაყოფილების არანაირი საბაბი არ მაქვს. გაცილებით კარგად შემიძლია თამაში. "დნიპროში" უთამაშებლობამ იმოქმედა და ცოტა ამოვარდნილი ვარ. "დნიპროში" რომ მეტი პრაქტიკა მქონოდა, უფრო ბევრს ვიმოძრავებდი და ნაკლებად დავკარგავდი ბურთს.
- არ ფიქრობთ, რომ ძალიან ცუდ დროს გავუშვით პირველი გოლი?
- ასეა. ვფიქრობ, ჟირუს გოლმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
- საფრანგეთიდან ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?
- ვარანი დღესდღეობით მათი საუკეთესო მცველია და დიდი მომავალი აქვს. და რიბერი - თავისთავად. ამ ორს გამოვარჩევდი.
- და კიდევ, რა ასწავლა ამ მატჩმა საქართველოს ნაკრებს?
- დიდი გამოცდილება და ალბათ ისიც, რომ როგორი წარმოუდგენელიც მეგონა ტელევოზორში ამ დონეზე თამაში და სხვაობა, მთლად ასეც არაა. თამაში შეიძლება ყველა გუნდთან და მიუხედავად ანგარიშისა, მიმაჩნია, რომ ასე თუ ისე, ღირსეულად ვეთამაშეთ ფრანგებს. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში.