ინტერვიუები

14:57 | 15.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურული: “ქეცბაიამ მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა”

ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველმა, სანდრო გურულმა ჯერ არ იცის, თუ როდის შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშსა და თამაშს. ესპანეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო, მან 9 თებერვალს, საქართველო-სომხეთის ამხანაგური შეხვედრაც გამოტოვა. მართალია, გურული კვიპროსში ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ მტკივანმა ფეხმა მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. გურული უკრაინის პრემიერლიგაში სეზონის განახლებამდე, “კარპატთან” ერთად მორიგ შეკრებას თურქეთში გაივლის. თურქეთში გამგზავრების წინ, მან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა.

- ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვთ? ერთი კვირის წინ ხომ საქართველოს ნაკრებში ტრავმით გამოცხადდით...
- სამწუხაროდ, პრობლემები მაქვს. ესპანეთში Cioa del Sol-ის ტურნირის ნახევარფინალში, ნორვეგიის “ოლესუნდთან” შეხვედრაში ტრავმა მივიღე – მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი დამეჭიმა. ამიტომ, ჯერჯერობით ვერ ვვარჯიშობ. როგორც კვირას გამართულ ვარჯიშზე, ანთალიაშიც პირველ დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ვიმუშავებ – მოედნის გარშემო ვირბენ და სატრენაჟორო დარბაზში მოვემზადები.
- გუნდთან ერთად ვარჯიშს როდის განაახლებთ?
- ამ კითხვაზე პასუხის ზუსტად გაცემა არც ექიმებს შეუძლიათ და მითუმეტეს - არც მე. იმედია, რომ ამას საკმაოდ სწრაფად შევძლებ და მიმდინარე წელს პრემიერლიგაში გასამართი პირველი მატჩისთვის კარგად მოვემზადები. 
- როდესაც საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიფრინავდით, იმედი გქონდათ, რომ სომხების წინააღმდეგ ითამაშებდით?
- არა, ვიცოდი, რომ მოედანზე ვერ გავიდოდი. ამიტომ შეკრებაზე არცთუ კარგი განწყობით გავემართე, რადგან ამ თამაშში მონაწილეობის მიღება ძალიან მინდოდა. თუმცა, რას ვიზამ... ამის გამო, ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ცოტა არ იყოს, გული დაწყდა. მან მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა. 
- თუმცა, თამაშის მერე, ალბათ, კარგი განწყობა ჰქონდა.
- რა თქმა უნდა, რადგან 2:1 მოვიგეთ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და არა ერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. უკანა ხაზშიც საქმე კარგად იყო. საწყისი 45 წუთის განმავლობაში სომხები ჩვენს კარს ერთხელაც არ დამუქრებიან. შესვენების შემდეგ, მოედანზე სურათი ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალა. ამას სრულებით ლოგიკური ახსნა აქვს – ქეცბაიამ 7 შეცვლა გააკეთა. მოედანზე ნაკლებად გამოცდილი ფეხბურთელები გამოვიდნენ. ამიტომ, კანონზომიერია, რომ უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. თუმცა კარგია, რომ ანგარიში შევინარჩუნეთ.  
- ეს ამხანაგური თამაში იყო. თუმცა, თქვენი აზრით, იმის მიხედვით როგორც მეტოქეები თამაშობდნენ, განვლილი შეხვედრა მართლაც სპარინგი იყო თუ უფრო მეტად ოფიციალურს ჰგავდა?
- ისეთი პრინციპული მეტოქეებისთვის, როგორიც საქართველო და სომხეთი არიან, თამაშის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაპირისპირება ყოველთვის სერიოზულ ხასიათს ატარებს. ამიტომ თავისი სულისკვეთებით შეხვედრა უფრო ოფიციალური იყო. 
- თურქეთში როგორი განწყობით მიემგზავრებით?
- ტრავმის მიუხედავად, სამუშაო განწყობა მაქვს. ცხადია, გული მწყდება, რომ გუნდთან ერთად პირველივე დღიდან ვერ ვივარჯიშებ. იმედია, ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება. მთავარია, გუნდი მაქსიმალურად კარგ სათამაშო ფორმაში შევიდეს და სეზონის განახლების მერე, პირველივე თამაშებში გავიმარჯვოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა მხოლოდ მეხუთე ადგილი შევინარჩუნოთ, არამედ, რაც შეიძლება წინ წავიწიოთ. ვფიქრობ, მესამე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

 

0.114358