25 წლის სანდრო გურული, ჯერ მაინც ახალბედაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ბევრი ვერ ინატრებს ისეთ დებიუტს, “ლიონის” აღზრდილ და ამჟამად ლვოვის “კარპატიში” მოთამაშე ფლანგელ ნახევარმცველს რომ გამოუვიდა – პირველივე შეხვედრაში, სლოვენიას სტუმრად გოლი გაუტანა და საერთოდაც, მშვენივრად ითამაშა.
გურულს სომხეთთანაც უნდა ეთამაშა 9 თებერვლის ამხანაგურ მატჩში, მაგრამ მხოლოდ გულშემატკივრის როლით დაკმაყოფილდა – ტრავმირებული ჩავიდა კვიპროსზე. “მსოფლიო სპორტი” სანდროს ლვოვში დაუკავშირდა. სალაპარაკო თემა არა მარტო მოახლოვებული ევროშესარჩევი მატჩები, “კარპატის” ამბებიც იყო. გურულმა გვითხრა, სავარაუდოდ, მალე კლუბთან ახალ, სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებო:
- პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე გკითხავთ. მართალია, ვარჯიში დაიწყეთ, მაგრამ არ გითამაშიათ.
- თებერვლის დასაწყისში მიღებული ტრავმა მოვირჩინე და ახლა ჩვეულებრივ შემიძლია თამაში. უკრაინის ჩემპიონატის წინა ტურშიც შემეძლო კიევის “არსენალთან”, მაგრამ ძალიან ცუდი მინდორი იყო და მწვრთნელი მოერიდა გარისკვას. იმედია, რამდენიმე დღეში “შახტართან” მომიწევს თამაში.
- “კარპატიში” თქვენს პოზიციაზე საკმაო კონკურენციაა. გაცდენილი ერთი თვე ხომ არ გაგირთულებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას?
- გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, კონკურენცია კი აქამდეც იყო და იქნება. ასე ვიტყვი, გურულის კონკურენტი, ისევ გურულია. ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებ.
- ისე, ტრავმებს არცთუ იშვიათად იღებთ. რაც თქვენი ვიდეოკადრები გვინახავს, ძალიან ხშირად გეუხეშებიან.
- ასეა, მაგრამ არ მეშინია. თუ მოვერიდე, უარესი იქნება.
- “კარპატიში” ახალ კონტრაქტს ხომ არ გთავაზობენ?
- დიახ. სეზონის ბოლოს მიმთავრდება და კლუბმა შემომთავაზა ახალი, სამწლიანი კონტრაქტი. ალბათ, მალე გავაფორმებ კიდეც. ახლა კონტრაქტის პირობებზე მიდის საუბრები. ბოლო წლებში “კარპატი” გაცილებით უკეთესი გუნდი გახდა, ვიდრე ადრე იყო. დონე ამაღლდა და შარშან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავედით. წელსაც იმავეს ვგეგმავთ.
- ორივე ფლანგზე თამაშობთ და უფრო სად გირჩევნიათ – მარჯვნივ, თუ მარცხნივ?
- მარცხნიდან თამაში მირჩევნია, რადგან ცენტრში შეწევა და დარტყმა ასე უფრო მოსახერხებელია. მარჯვნიდან კი, უფრო ჩაწოდებები უნდა ვაკეთო.
- ახლა ნაკრებზეც – კვიპროსზე ჩახვედით, მაგრამ სომხეთთან ვერ ითამაშეთ.
- წინასწარ ვიცოდი, რომ თამაშის შანსი არ მქონდა. ტრავმირებული ვიყავი და ვერც ვივარჯიშე. ეროვნული ნაკრებია და მინდოდა, ქართველებთან ერთად ვყოფილიყავი.
- დასაფასებელია.
- ვთვლი, რომ ასეც უნდა მოვქცეულიყავი. სომხეთთან თამაშს ტრიბუნიდან ვუყურე და მაგრად ვქომაგობდი ბიჭებს.
- წინ, ხორვატიასთან და ისრაელთან მატჩებია. რა გრძნობით ელოდებით ამ შეხვედრებს?
- მთელი სულით და გულით. თუ გამომიძახებენ და თამაშიც მომიწევს, თავს გადავდებ და ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო... 100 კი არა, 300 პროცენტით დავიხარჯები.
- როგორც სლოვენიასთან?
- არა, უფრო მეტად. სლოვენია სხვაა, ხორვატებთან უფრო მაგარი თამაშია საჭირო.
- როგორ თამაშს ელით ხორვატიასთან?
- ხორვატია ძლიერი გუნდია. მაგალითად, დარიო სრნას წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რა დონის ფეხბურთელია. ვიცი, რომ სრნაზე არანაკლებები ჰყავთ სხვებიც.
- თუ თამაში მოგიწიათ, სწორედ სრნას წინააღმდეგ მოგიწევთ ყველაზე ხშირად ჭიდილი – მარცხენა შემტევი ხართ, ის კი მარჯვენაფლანგელია.
- ასე იყო რამდენჯერმე, როცა “შახტარს” ვხვდებოდით. სრნა ძლიერი ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა. რაც არ უნდა იყოს, არავის არ ვუშინდებით. საქართველოს ნაკრები რომ ხორვატიასთან შიშით არ ითამაშებს, ეს ცხადია.
ილია ნანობაშვილი