ფეხბურთი

15:43 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურული: “ასეთ კარგ სათამაშო ფორმაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ”

 

სოლიგორსკის “შახტიორის” ახალწვეულმა სანდრო გურულმა ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთ კარგ სათამაშო ფორმაში დიდი ხანია არ ყოფილა.   

სანდრო გურული: “საქართველოში დავიბადე. ოთხი წლის რომ გავხდი პოლონეთში წავედით. მამა ფეხბურთელი იყო და 90-იანი წლების დასაწყისში კატოვიცეს გკს-ში მიიწვიეს. იქ ორი წელი ვიყავით და შემდეგ, საფრანგეთის “ჰავრში” გადავიდა. ასე რომ შემიძლია ვთქვა, საქართველოში დავიბადე, მაგრამ საფრანგეთში გავიზარდე. სკოლა საფრანგეთში დავამთავრე, ხოლო საფეხბურთო კარიერა “ბულონში” დავიწყე. შემდეგ “ლიონში” მიმიწვიეს, სადაც ორი წელი ვიყავი. ამ კლუბში ძალიან დიდი კონკურენცია იყო – გოვუ, მალუდა, ახალგაზრდულ გუნდში კი, ქარიმ ბენზემასთან და ჰატემ ბენ არფასთან ერთად ვთამაშობდი. ამიტომ, უკრაინულ “კარპატიში” გადავედი, რომელში გატარებულ ოთხ წელსაც თბილად ვიხსენებ. ჩემპიონატშიც კარგად ვთამაშობდით. სხვათა შორის, ბელარუსი მწვრთნელი გვყავდა ოლეგ კონონოვი. ძალიან კარგი მწვრთნელია. ევროპის ლიგის ჯგუფშიც ვითამაშეთ. ბოლო ორი წელი სამშობლოში გავატარე. საქართველოშიც ცუდი ჩემპიონატი არაა. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, არცთუ მაღალი დონეა. ორი-სამი გუნდია ძლიერი, ხოლო დანარჩენები - ისე რა.

- “შახტიორის” ვარიანტი როგორ გამოჩნდა?

-  ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია ალექსანდრე ჩივაძე. ის საქართველოში ძალიან ცნობილი ადამიანია. მან ჩემს შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს სერგეი ბოროვსკის უთხრა. ორი კვირის განმავლობაში ვისინჯებოდი. რადგან კონტრაქტი გამიფორმეს ე.ი თავი კარგად წარმოვაჩინე.

- გუნდს უკვე შეეჩვიე?

- დიახ. კონტაქტური ადამიანი ვარ. ხალხთან საუბარი მიყვარს და ვხედავ, რომ “შახტიორში” კარგი ბიჭები არიან. გუნდში არსებული ატმოსფერო მომწონს. იმედი მაქვს, რომ ერთად შედეგს მივაღწევთ. ღმერთმა ქნას, ყველა ამოცანა გადავჭრათ, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი დაგვისახავს. 

- საწვრთნელი პროცესი მოგწონს?

- ძალიან კარგია. აქამდე, ძირითადად ფიზიკურად ვემზადებოდი, რაც ყოველთვის საჭიროა. ვფიქრობ, ახლა, უფრო მეტად ბურთით ვივარჯიშებთ. პირველი შეკრება ისე ჩავატარეთ, რომ ასეთ კარგ სათამაშო ფორმაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ.

- სოლიგორსკის შესახებ რას იტყვი?

- ჯერ არ მინახავს. ბელარუსს გასული წლიდან ვიცნობ, როდესაც საქართველოს ნაკრები მინსკში დამარცხდა. გუნდში ბიჭებს ერთი სული აქვთ, ქალაქს როდის დამათვალიერებინებენ. მინდა, რომ ჩემი ოჯახიც ჩამოვიდეს, რათა ნახონ სად ვითამაშებ და ვიცხოვრებ. უკვე ვხედავ, რომ ყველგან ლამაზი ბუნებაა, რაც ძალიან მიყვარს.

 - აქამდე ბელარუსულ საკლუბო ფეხბურთზე რა იცოდი?

-“კარპატიში” ყოფნის პერიოდში თურქეთში შეკრებაზე ბატე-ს ვეთამაშეთ. ბორისოვოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, საერთო ჯამში ჩემპიონატის დონე იმაზე დაბალი არაა, როგორი თამაშიც მაშინ ბატე-მ აჩვენა. ძალიან მიხარია, რომ “შახტიორთან” კონტრაქტი გავაფორმე. ეს კლუბი მუდმივად საპრიზო სამეულში ხვდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ძლიერია. ამას ვხედავ კიდეც.

- მომავალ სეზონში რა მიზნები გაქვს?

- რაც შემიძლია გუნდს დავეხმარები. მე ისეთი მოთამაშე ვარ, რომ უფრო საგოლე პასის გაკეთება მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

0.116733