ამხანაგებო, ტაში! საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე სეზონი დაიწყო გამარჯვებით. ამჯერადაც ამხანაგური შეხვედრა, ამჯერადაც თემურ ქეცბაია, ამჯერადაც 2:1...
ვერ იტყვი, რომ ალბანეთის ნაკრები რისამე საზომია ფეხბურთში - თუ მაინც და მაინც ქვედა თამასა უნდა იყოს დაბლითა ორიენტირი: მასთან არ უნდა წააგო. ტრადიციით, ახლანდელობითაც კი, მეტი ხარ და არ უნდა წააგო. გასაგებია, რომ სადღაც ვიღაცის მიერ ნათქვამი, თამაში ყველამ ისწავლაო, ნამეტანი აიტაცეს ფეხბურთელებმა და ისე ხშირად იმეორებენ, უკვე მართლა მაგრად სჯერათ, მაგრამ...
ერთი ნიუანსია მანდ - მსოფლიო სანაკრებო დონეს დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატივით დაემართა: როცა სხვა კლუბები კი არ ამაღლდნენ „დინამოსა“ ან „ტორპედოს“ გაქანებამდე, პირიქით, ჩვენი მოწინავე გუნდები „ჩამოლაბორანტდნენ“.
ამ შედარებიდან გამომდინარე: ჩვენ მალტას რომ ვერ ვუგებთ, არ ნიშნავს იმას, თითქოს მალტელებმა ისწავლეს ფეხბურთი (მიფსუდმა ჰო, მაგრამ დანარჩენებმა - ვერა), მალტელებს და შესაბამისად, ჩვენც ფეხბურთი გვეცოდინებოდა მაშინ, როცა ესპანეთთან მომავალი ციკლის მატჩებზეც პესიმისტურად, მოზომილად და დიპლომატიურად კი არა, ოპტიმიზმითა და რიხით ვისაუბრებდით.
უბრალოდ, თანამედროვე საფეხბურთო სისტემამ გააჩინა დიდი უფსკრული, სადაც უმაღლესი რანგის ნაკრებებთან მეორე და მესამე საფეხურის გუნდებს შანსი თითქმის არ გააჩნიათ - დაახლოებით ისე, როგორც რაგბიში.
გამონაკლისები? კი, ხდებოდა და ახლაც ხდება - ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია, აგერ მეზობელი სომხეთი, მაგრამ...
ფაფხურია ეს - გულის ფხანა, კუმ ფეხი რომ გამოყო, დაახლოებით იმგვარი რამ, თორემ არაფერი შეცვლილა არც ზემოთ დასახელებული ქვეყნებისთვის, არც მსოფლიო თუ ევროპული ფეხბურთისთვის და რაკი გამონაკლისი ვახსენეთ, ესეც უნდა ითქვას: გამონაკლისი წესს ამტკიცებს.
წესი კი ისაა, რომ ფეხბურთში,უფრო სწორად, საფეხბურთო პროცესში ყოველთვის ძლიერი გაიმარჯვებს - ასიდან ასჯერ. კი, შეიძლება ისროლოს უღელი დიაკვანმა და კურდღელი მოკლას, როგორც ქართულ ანდაზაშია, მაგრამ ორ კურდღელს ან ორჯერ კურდღელს ვერ მოკლავს. შესაბამისად, კიდევ დიდხანს გავიხსენებთ ხორვატიასთან თბილისურ თამაშს.
ამასობაში ქეცბაია ძერწავს. ძერწავს ისეთ ნაკრებს, როგორიც „ანორთოსისი“ ჰყავდა და როგორიც ზოგადად წარმოუდგენია. ჩვენში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, აქაოდა, ნაკრებს დაცვაზე აქცენტირებულ ფეხბურთს ათამაშებსო, მაგრამ...
ეს არ არის მისი აჩემება, ეს რეალობით ნაკარნახები გამოუვალი მდგომარეობაა - საქართველოს ნაკრებმა ბედი და სიხარული კონტრშეტევებში უნდა ეძებოს.
სხვანაირად ამ ეტაპზე არაფერი გამოვა - სათანადო დონის შემქმნელი ფეხბურთელები არა გვყავს.
ან თუ გვყავს, ძალიან ცოტა - ტრავმირებული, ჯერ მხოლოდ პერსპექტიული, ნაკონფლიქტარი, ხანშიშესული... მაგრამ არასდიდებით - ჩამოყალიბებული!
მანამდე კი, ქართულ სოციალურ ქსელებში ბოთლები წარწერით „ალბანური ცრემლები“ იყიდება. აქაოდა, მსაჯმა პენალტები გამოიგონა, მეორე გოლი თამაშგარე იყოო და ასე შემდეგ.
გასაგებია ესეც: მარტო მოგება არაა, ეჭვზე მაღლაც უნდა დადგე - ამას ითხოვს ხალხი. ძნელია. დაახლოებით იმას ჰგავს, აგული ერისთავი „სევერნოე სიიანიეს“ რომ აკეთებდა.
გუნდს, რომელსაც „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ გამოფენაში არ მიუღია მონაწილეობა“, ძნელია, ახლა და უცებ რამე ხელშესახები მოსთხოვო - დროა საჭირო.
დრო, რომელმაც ახალი ლიდერები უნდა გამოაჩინოს. მოგებაზე და მეტოქეზე დაგეშილი ხალხი, რომელსაც მებრძოლის ხასიათი და მენტალიტეტი ექნება.
ალეკო ამისულაშვილმა თქვა ამასწინანდელ ინტერვიუში, ფეხბურთელები ვართ, პარიკმახერები კი არაო... ვერ გეტყვით, რა უფრო გამოხატა ამ სიტყვებით - გულისტკივილი თუ წყენა, მაგრამ არც ასე უსაშველოდაა საქმე. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდზე შემომწყრალი ადამიანი ბევრია, ნაკრების წევრების ფეხბურთელობაში ეჭვი არავის ეპარება. პრობლემა ბალანსში, კლასში, გამოცდილებასა და მენტალიტეტშია.
გუნდს ბიოგრაფიები აკლია. აი, ჩამოთვლი შემადგენლობას და რაღაცნაირი ბიჭური ისტორიებია: მავანს შემადგენლობაში არ ათამაშებენ, მეორე ტრავმამ გააწამა და ცოდვაა, მესამემ ემოცია ვერ გააკონტროლა და ლამის კარიერაც აერია, მეოთხეს გოლი ვერ გააქვს, მეხუთეს და მეექვსეს - პენალტი...
არადა, ბიჭური ისტორიები არაფერს ცვლის ფეხბურთში. ფეხბურთი მამაკაცური თამაშია - მინდორზე და ცხოვრებაში პოზიციით. ასაკი რაღაცას ერევა, მაგრამ გადამწყვეტი არამც და არამც არ არის - დიდ კაცებს პატარა ბიჭობაშივე ეტყობათ და ბიოგრაფიაც იმთავითვე გამორჩეული აქვთ.
სანაკრებო დონეზე ამათი წინა თაობაც წარუმატებელი იყო, მაგრამ იმათ მეტი ინტერესი ახლდათ - საინტერესო ბიოგრაფიებით იცხოვრეს ფეხბურთში და ალბათ, ამიტომ. ორი-სამი კაცი კიდევ დარჩა, კარიერით და ცხოვრებით ინტერესს რომ იწვევენ, მაგრამ ეს ცოტაა, ძალიან ცოტა.
ყველაზე საინტერესო ბიოგრაფიის მოთამაშე რომ წავიდა, ამას პოლიტიკის სოუსი მოვავლეთ - არადა, კაცს პოზიცია რომ აქვს და არ პოზიორობს, პოლიტიკა რა შუაშია?
ალბანელებთან მინდორზე გაწევ-გამოწევები კი, ძიძგილაობას უფრო ჰგავდა. არავის და არაფერში რომ სჭირდება, ისეთს.
ვერ ვიჭერთ ბურთს, იშვიათია რამდენიმესვლიანი კომბინაცია, ბევრი წუნია პასის და კარში დარტყმის სიზუსტეში, სტანდარტულებში მოჩანს მწვრთნელის მონახაზი, მაგრამ შესრულების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს.
ქეცბაიამ ის, თავისი, კონტრშეტევითი სტილი უნდა ძერწოს და ფეხბურთელებმა კი საკუთარ თავზე მეტი იმუშაონ. ჯოჯოხეთური შრომის გარეშე დიდ სცენაზე ვერ გამოხვალ და დიდ სტადიონზე ვერ დამაგრდები.
ნაკრებში თამაში ჰობი არ უნდა იყოს - მოვალეობაა!
მეორენომრობას და სტილს რაც შეეხება, არაფერია ამაში სამარცხვინო - „ვესტ ჰემი“ - „დინამო“ გავიხსენოთ და ერთხელაც დავრწმუნდებით. შესრულება და სისწრაფე მითხარი შენ, თორემ კონტრშეტევაზე ყურებით დაჭერილი მეტოქის კარში შეგორებულ გოლსაც ისეთივე სიხარული და წარმატება მოაქვს, როგორიც გამუდმებული შეტევების შედეგად გატანილს.
ძერწოს ქეცბაიამ. ვედავოთ შედეგზე და შემადგენლობაზე, დვალზე და დვალიშვილზე, მაგრამ ამ ნაკრებით და ზოგადად ქართული ფეხბურთის ამ რესურსით, შევუტიოთო, ნუ მოვითხოვთ. არ ვიცი, ვის მესი ჰგონია თავი და ვის რონალდუ, მაგრამ შედეგს სკოლა, თაობა და იდეოლოგია ქმნის. ჩვენს ფეხბურთში ნებისმიერი მათგანი ჩანასახის დონეზეა...
ის კი, ოთხიდან სამი პენალტი რომ ვერ გააქვთ, უკლასობისა არა, ბიჭობის შტრიხ-კოდია, უნდა დაკაცდნენ და მერე პენალტებსაც სხვანაირად დაარტყამენ.
კონსტანტინე გოგიშვილი