ტურის მთავარი ამბავი, ცხადია, რუსთავში მოხდა, სადაც”მეტალურგმა” თბილისის “დინამოს” 3:0 მოუგო. ეს არ ყოფილა გამართლება, მეტალურგებმა ყველაფრით აჯობეს სტუმრებს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა. “დინამოს” კი, ახალგაზრდული გუნდის მიუხედავად, ალბათ არ ეკადრება ასეთი ანგარიშით წაგება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დინამოელებს დღეს საქართველოში საუკეთესო პირობები აქვთ, რუსთავეებს კი რამდენიმე თვეა ხელფასები არ აუღიათ, ნორმალურად ჩემპიონატისთვისაც ვერ მოემზადნენ და ისიც კი არ იციან, ვინ არის მათი სპონსორი: “მეპატრონის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, რადგან მფლობელები ძალიან სწრაფად იცვლებიან. ალბათ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ყველაზე ნაკლებს საუბრობს და ყველაზე მეტი პრობლემები აქვს. იმედია, ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება. თუმცა, როგორც ვიცი, წლის ბოლომდე მერია ვერ დაგვეხმარება” – ეს “მეტალურგის” მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას სიტყვებია.
საერთოდ, გაუგებარი ვითარებაა რუსთავში. ამ ზაფხულს ვიღაცას “ფოლადის” სტადიონზე ტაბლოც მოუჭრია, თუმცა განმკითხავი არავინაა. კილასონიამ თქვა: საჩვენოდ ვერც ეს სანაკრებო პაუზა გამოვიყენეთ, ორჯერადი ვარჯიშების ჩატარება გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდაო.
სანაკრებო პაუზაზე დაიჩივლა დინამოელთა დამრიგებელმა, კახი გოგიჩაიშვილმაც – გუნდზე უარყოფითად იმოქმედაო. შემდეგ კი დასძინა: ახალგაზრდა ფეხბურთელები არასტაბილურად თამაშობენ, კომპლექსური შეცდომები დავუშვით, ყველაფერს გავაანალიზებთ და სათანადო დასკვნებს გამოვიტანთო.
“ჩვენ აქ ქულების ასაღებად ჩამოვედით,”- ეს უკვე “სამტრედიის” მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას სიტყვებია ზესტაფონში გამარჯვების შემდეგ. უმაღლესი ლიგის დებიუტანტის კვალობაზე, საკმაოდ გაბედული განცხადებაა, თუმცა “სამტრედია,” ჩანს, მართლაც სერიოზულ ძალად ყალიბდება და საპრიზო ადგილებისთვისაც იბრძოლებს, ზაფხულში იმდენი გამოცდილი მოთამაშე დაიმატეს, რომ მსგავსი პათოსი, ალბათ უკვე საფუძველს მოკლებული არ არის.
სამტრედიელებმა ამჯერად მარგველები დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით და ცხრილში “დილასთან” 3-4 ადგილებს იყოფენ. “ზესტაფონმა” კი ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, რამაც გია გეგუჩაძეს მეტი საფიქრალი გაუჩინა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ერთი ნახევრადკურიოზული ამბავიც მოხდა: სამტრედიელთა კაპიტან მელქაძეს, რამდენჯერმე მოუწია მაისურის გამოცვლა. მიზეზი ის გახლდათ, რომ მაისურზე მიმაგრებული ნომერი არ ჩერდებოდა. ბოლოს ისეთნომრიანი მაისურის ჩაცმა მოუხდა, რომელიც განაცხადში არ იყო შეტანილი. თავის მხრივ, ზესტაფონელთა წარმომადგენელმა მსაჯებს სთხოვა ეს ფაქტი ოქმში დაეფიქსირებინათ.
ამ ტურში სამწუხაროდ ტრაგედიაც მოხდა. გორში, “დილა” – “გურიას” მატჩის მსვლელობისას ტრიბუნაზე გარდაიცვალა “დილას” ლეგენდა, ყიფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, 68 წლის ზაველ ვანიშვილი. გულმა უმტყუნა.
11 სექტემბერი
კოლხეთი (ფოთი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (0:0)
გოლი: შოთა ჯიქია (84)
დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ნიკოლოზ კვეკვესკირი (85), 2:0 ირაკლი მოდებაძე (90, პენალტით)
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 გიორგი ქავთარაძე (29), 2:0 გიორგი ჯოხაძე (45), 3:0 ირაკლი სიხარულიძე (52)
12 სექტემბერი
შუქურა (ქობულეთი) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 გიორგი ჩელებაძე (2), 1:1 ჯაბა უგულავა (13)
მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 0:0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი) 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 კახაბერ კახაბრიშვილი (19), 2:0 გიორგი კალანდია (22)
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:0
ზესტაფონი – სამტრედია 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი დათუნაიშვილი (38)
გაძევება: ჯაბა დვალი (45)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცხრილი
მე-4 ტური (გადადებული)
16 სექტემბერი: დინამო (ბთ) – მერანი, ზუგდიდი – დილა, დინამო (თბ) – შუქურა, სიონი – ზესტაფონი, სამტრედია – სპარტაკი, ტორპედო – ვიტ ჯორჯია
17 სექტემბერი: გურია – კოლხეთი, ჩიხურა- მეტალურგი
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.