დასრულებული ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესლიგელთაგან ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა მხოლოდ ს/კ “სამტრედიას” არ მისცა ეროვნული ლიცენზია. იმერელთათვის წაყენებულ პრეტენზიათაგან A ლიცენზიის მქონე მწვრთნელის არყოლა მთავარი გახლდათ. სამტრედიული კლუბის პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი “სპორტულ ამბებს” არწმუნებდა, რომ ივნისის შუა რიცხვებამდე, მას შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტთან გაფორმებული კონტრაქტი ექნებოდა და სფფ-სთვის მიცემულ სიტყვას ამით შეასრულებდა.
იმერლები, რომ იტყვიან, “გეგმას გადაჭარბებით ასრულებენ” და თუკი, გასულ ჩემპიონატში თბილისის “ლოკომოტივის” თავკაც გელა სანაიასთან მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარეს, ფედერაციის პრეზიდენტს სულ მალე მაგიდაზე ახალ კონტრაქტს დაუდებენ. აღნიშნული პერსპექტივის თაობაზე “მსოფლიო სპორტს” “სამტრედიის” პრეზიდენტი ესაუბრა.
ზაზა ადეიშვილი: სუბორდინაციიდან გამომდინარე, სანამ ჩემპიონატის ბოლო მატჩი არ ვითამაშეთ ჩვენც და “ლოკომოტივმაც”, გელა სანაიასთვის შეთავაზება არ გაგვიკეთებია. ფიქრი და მსჯელობა კი, კლუბში მას შემდეგ გვქონდა, რაც უმაღლეს ლიგაში დარჩენა გავინაღდეთ, თბილისელები ვეღარ ინარჩუნებდნენ აქ ადგილს და ამავდროულად, “სამტრედიას” დაუდგა A ლიცენზიის მქონე მწვრთნელის ყოლის საჭიროება.
თქვენთან საუბარში ერთხელ აღვნიშნე - ჩვენი ახალი მწვრთნელი წარმოშობით სამტრედიელი უნდა ყოფილიყო, შესაბამისი ლიცენზიის მქონე, ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილებით და ამბიციური. სანაია ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს და დიმიტრი გელოვანის პროტოტიპშიც ის “ჩაჯდა”. ოც მაისს, საღამოს, თამაშის შემდეგ, ჩვენ მას დავუკავშირდით და გელამ ასეთი აზრი გამოთქვა - ჩემთვის ეს წინდადადება ძალიან საინტერესო და მისაღებია, თუმცა, მას “ლოკომოტივის” ხელმძღვანელებთან რაღაც საკითხებზე ექნებოდა სასაუბრო და დღევანდელი დღის (ე.ი. კვირის - რედ.) ჩათვლით, დრო ითხოვა მოსაფიქრებლად.
იმედი გვაქვს, ეს სარევერანსო პერიოდი ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდება და ამ დღეებში უკვე კონტრაქტის ტექნიკურ დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე საუბარს შევუდგებით. ჩვენ არც ვმალავთ, რომ დიდი სურვილი გვაქვს “სამტრედიას” გელა სანაიამ, ყველაზე ცოტა, 2010-2011 წლების სეზონში უხელმძღვანელოს.
- როგორც ჩანს, კლუბში სხვა კანდიდატურის შესახებ მსჯელობა არც ყოფილა.
- ჩემს სამუშაო კაბინეტში მაგიდაზე გვედო ფურცელი, რომელზეც, დროდადრო, დაახლოებით, 14-15 გვარი დაფიქსირდა. ჩვენს პირობებს, მდგომარეობას, რესურსებს, ყველაზე ჰარმონიულად რომელი კანდიდატურაც მიესადაგებოდა, ყოველივე ამის მიხედვით, კლუბისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გელა სანაია აღმოჩნდა. როცა მან ჩვენი წინადადება არ ჩათვალა უინტერესოდ, კლუბში სხვა ვარიანტებზე მსჯელობა იმწუთას შეწყდა.
- ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ალბათ, უშუალო კავშირში იქნება “სამტრედიისთვის” ეროვნული ლიცენზიის მინიჭების საკითხთან.
- გეთანხმებით, ეს თემა მიბმულია ლიცენზირებასთან. გელა სანაია ყოველნაირად მისაღები კანდიდატურაა ჩვენთვის, მაგრამ კლუბი რომ ასეთი ტემპით ამოძრავდა მისი მიმართულებით, მაპროვოცირებელი სწორედ ლიცენზირების პროცესია.
ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ფედერაციის ლიცენზირების განყოფილებასა და კომიტეტთან, რამდენიმე დღის წინათ, შევხვდით პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და მან მოგვთხოვა - დამიდოს “სამტრედიამ” ერთ კვირაში A ლიცენზიის მქონე მწვრთნელთან კონტრაქტი და კითხვა, ითამაშებს თუ არა თქვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში, მოიხსნება დღის წესრიგიდანო.
“სპორტული ამბები” მოლაპარაკების უმთავრეს ობიექტს, გელა სანაიასაც დაუკავშირდა.
- ბატონო გელა, ახალი სეზონიდან, შესაძლოა, “სამტრედიას” მთავარ მწვრთნელად გიხილოთ?
- გარკვეული საუბარი არის, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს გეუბნებით - წავალ “სამტრედიაში”, დავრჩები “ლოკომოტივში”, თუ კიდევ სხვაგან განვაგრძობ მუშაობას.
- ეს ყველაფერი რაზე იქნება დამოკიდებული - კონტრაქტის პირობებზე, თუ კიდევ სხვა ნიუანსებზე.
- არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც ასე ღიად ლაპარაკი არ მინდა. ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ მაქვს გასარკვევი - ერთ მხარესაც უნდა მოვუსმინო, მეორესაც, მესამესაც და გადაწყვეტილება ცივ გონებაზე მივიღო.
- მოდით, ეს მხარეები დაგვიკონკრეტეთ და საუბარიც დავამთავროთ.
- “ლოკომოტივი”, სადაც შეიძლება სამუშაოდ დარჩენა, და “სამტრედია”. ესაა ამ მომენტისთვის 2 რეალური ვარიანტი. მესამეს რაც შეეხება, იგი რაღაც ჭორის დონეზეა და არ მინდა ისეთი რამ წამომცდეს, რომ მერე ვინმემ რეალურ ვარიანტად ააგოროს.
- და ერთიც, ვთქვათ, საბოლოოდ “სამტრედიას” შეუთანხმდით - იქ “ლოკომოტივიდან” წაიყვანთ თქვენთვის სასურველ მოთამაშეებს?
- ისეც არ მინდა გამომივიდეს, ჩემი “სამტრედიაში” მისვლის შემთხვევაში, “ლოკომოტივი” რაიმენაირად დაზარალდეს. მაგრამ ნებისმიერ გუნდს რომ აუცილებლად სჭირდება გაძლიერება, გინდ “დინამო” იყოს და გინდ “სამტრედია”, ეჭვგარეშეა.
არის ერთი ნიუანსიც - ხომ შეიძლება “ლოკომოტივი” დარჩეს უმაღლეს ლიგაში? იმდენი საუბრებია კულუარებში იმის თაობაზე, რომ არავისაც არ გააგდებენ - არაფერია გამორიცხული. კაცმა არ იცის, რა მოხდება და ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა. იმედია, ამ დღეებში საბოლოოდ მეცოდინება, სად ვიმუშავებ ახალი სეზონიდან.
ფრიდონ კერვალიშვილი