"სან ანტონიომ" 2007 წელს მოგებული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ (4:0 "კლივლენდთან"), 6-წლიანი წარუმატებელი პაუზა დაასრულა და სუპერფინალურ სერიაში ისევ დაბრუნდა.
დასავლეთ კონფერენციის ფინალში ტეხასურმა გუნდმა Fedex Forum-ში მორიგი მარცხი აგემა მასპინძელ "მემფისს" (93:86) და სერია მშრალი ანგარიშით მოიგო - 4:0.
უკანასკნელი მატჩის გმირი ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი გახდა, რომელმაც მიმდინარე პლეი ოფში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ერთბაშად 37 ქულა დააგროვა.
"მემფისმა" თავისთვის დამახასიათებელი, მძიმე კალათბურთი ითამაშა და ძირითადი აქცენტი 3-წამიან ზონაში მაღალი მოთამაშეების დატვირთვაზე გადაიტანა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უბერებელმა ტიმ დანკანმა, ფრანგმა ბორის დიაომ და ბრაზილიელმა ტიაგო სპლიტერმა მოუგეს უშუალო დაპირისპირება მარკ გაზოლისა და ზაკ რენდოლფის მრისხანე დუეტს – მემფისელმა "პანდამ” "სან ანტონიოსთან" ნათამაშები 4 მატჩის ჯამში მხოლოდ 31 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას "გრიზლისის" ხელმძღვანელების მიერ გატარებულმა არასწორმა სატრანსფერო პოლიტიკამ, როდესაც მათ თავიანთი რიგებიდან გაუშვეს ლიდერი რუდი გეი, რომელიც "ფანტაზისტა"' მოთამაშეთა რიგს განეკუთვნება და მარტოს შეეძლო თავისი არასტანდარტული გადაწყვეტილებების ფონზე თამაშის მოგება. მის გარეშე "გრიზლისის" უკანა ხაზი ძალიან ერთფეროვნად გამოიყურებოდა. პრობლემები იყო სათადარიგოთა სკამზეც, რადგან მეორე ხუთეულიდან რეალურ დახმარებას მხოლოდ ჯარედ ბეილესი და ქუინსი პოინდექსტერი წევდნენ (სპეითსი და ელინგტონიც თებერვალში "კლივლენდში" გაცვალეს). ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, უგამოცდილესმა გრეგ პოპოვიჩმა ძალიან იოლად მოუგო პირადი დაპირისპირება ლაიონელ ჰოლინზს და "სან ანტონიო" სუპერფინალში კარიერაში მეხუთედ გაიყვანა.
დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის (4 მატჩი) საუკეთესო მოთამაშე ტონი პარკერი გახდა, რომელმაც ჯამში 61 ქულა და 32 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ფრანგ გამთამაშებელს უდიდესი დახმარება გაუწიეს ტიმ დანკანმა (47 ქულა, 29 მოხსნა) და მანუ ჯინობილიმ (35 ქულა, 15 მოხსნა, 12 პასი). "მემფისის" რიგებიდან კი გამორჩეულები მაიკ კონლი (52 ქულა, 16 პასი) და მარკ გაზოლი იყვნენ (43 ქულა, 35 მოხსნა).
მემფისი - სან ანტონიო 86:93 (14:24, 24:20, 28:28, 20:21)
მემფისი: კონლი (9), ალენი (4), მ. გაზოლი (14), რენდოლფი (13), პრინსი (8); პოინდექსტერი (22), არტური (8), დულინგი, ბეილესი (8)
სან ანტონიო: პარკერი (37), გრინი (5), სპლიტერი (9), დანკანი (15), ლეონარდი (11); ჯინობილი (6), დიაო (4), ჯოზეფი (4), ნილი, ბონერი (2)
სან ანტონიომ მოიგო სერია - 4:0