კალათბურთი

13:14 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო” ღირსეული ჩემპიონია!

სან ანტონიო სპურზი” ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული მეხუთედ გახდა. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ფინალურ სერიაში “მაიამი ჰითი” 4:1 დაამარცხეს და ფლორიდელებს მოქმედი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

ტეხასელებმა მე-5 შეხვედრა პრობლემების გარეშე – 104:87 მოიგეს და ფინალში საშუალოდ 14 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რაც გადამწყვეტი სერიებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. რეკორდულია ქულათა ჯამური მაჩვენებელიც – 528:458 (+70).

ფინალში “სპურზის” კალათბურთელებს 52.76%-იანი (191 362-დან) რეალიზაცია ჰქონდათ და ესეც, ნბა-ში 24-წამიანი ათვლის შემოღების შემდეგ, საუკეთესო შედეგია.

დილას გამართულ მატჩში, სტუმრებმა ბრძოლის იმიტაცია მხოლოდ პირველ მეოთხედში შექმნეს, რომელიც ლებრონ ჯეიმსის წინამძღოლობით (მან საწყის ტაიმში 20 ქულა ჩააგდო, სულ კი – 31) 29:22 მოიგეს, შემდეგ კი, მასპინძელთა უპირატესობა შთამბეჭდავი გახლდათ.

შედეგად, “სან ანტონიომ” გასული სეზონის ფინალურ სერიაში განცდილი მტიკვნეული მარცხისთვის რევანში აიღო და “ოქროს ბეჭდები” შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მოირგო. “სპურზს” საჩემპიონო თასი ნბა-ს კომისიონერმა ადამ სილვერმა გადასცა.

ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) 22 წლის კავაი ლეონარდი გახდა (იგი ლეგენდარულმა ბილ რასელმა დაჯილდოვა), რომელიც ტიმ დანკანის ერიდან მოყოლებული (1999 წელი) ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. დასკვნით სამ შეხვედრაში ამერიკელი ფორვარდი 29, 20 (14 მოხსნა) და 22 ქულას (10 მოხსნა) აგროვებდა. საერთოდ, აღნიშნული ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მეჯიკ ჯონსონია, რომელსაც ეს პატივი 20 წლის ასაკში ერგო.

აღსანიშნავია, რომ დასკვნითი თამაში “მამის დღეს” დაემთხვა, რომელიც აშშ-ში ივნისის მე-3 კვირას აღინიშნება და ეს, კავაისთვის განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. საქმე ის გახლავთ, რომ ლეონარდის მამა 2008 წელს ჩაცხრილეს, როდესაც კალათბურთელი ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა... “ამ ფაქტს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, - აღნიშნა ლეონარდმა.

გასულ შეხვედრაში ტრადიციულად სარგებლიანად ითამაშა 28 წლის ტიმ დანკანმა, რომელმაც ამჯერად 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. შედეგად, ტიმი ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონობის მოპოვება სამ სხვადასხვა ათწლეულში მოახერხა. აქამდე, მსგავსი რამ ცენტრ ჯონ სელის აქტივში იყო.

დანკანი პირველად ჩემპიონი 1999 წელს გახდა, შემდეგ კი ტიტული 2003, 2005, 2007 და უკვე 2014 წლებშიც დაისაკუთრა. ამერიკელი ვეტერანის ყველა ჯილდო “სპურზის” მაისურით იქნა მოპოვებული. რაც შეეხება სელის, მან თავი ოთხჯერ გამოიჩინა – 1989-90 (“დეტროიტი”), 1996 (“ჩიკაგო”) და 2000 წლები (“ლეიკერსი”).

და ბოლოს. ტეხასელთა ლეგენდარული მწვრთნელის – გრეგ პოპოვიჩის კომენტარიც. “საკუთარი გუნდით ასეთი ამაყი არასოდეს ვყოფილვარ და სამწვრთნელო საქმიანობის პერიოდში სეზონისგან ასეთი სიამოვნება არასოდეს მიმიღია. საქმეში გასულ სეზონში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ დავბრუნდით და ფინალში უდიდესი სამუშაო გავწიეთ. ძნელია ავხსნა, ეს ყოველივე ჩემთვის რას ნიშნავს”. 

 

სან ანტონიო – მაიამი 104:87 (22:29, 25:11, 30:18, 27:29)

სან ანტონიო: ლენარდი (22 ქ. 10 მ.), პარკერი (16 ქ.), დანკანი (14 ქ. 8 მ.), დიაო (5 ქ. 9 მ. 6 პ.), გრინი; ჯინობილი (19 ქ.), მილსი (17 ქ.), ბელინელი (4 ქ.), სპლიტერი (3 ქ.), ეირსი (2 ქ.), ბეინსი (2 ქ.), ჯოზეფი, ბონერი.

მაიამი: ჯეიმსი (31 ქ. 10 მ.), ბოში (13 ქ. 7 მ.), უეიდი (11 ქ.), ალენი (5 ქ.), ლუისი (3 ქ); ბიზლი (9 ქ.), ჩალმერსი (8 ქ.), დუგლასი (3 ქ.), კოული (2 ქ.), ჰასლემი (2 ქ.), ჯონსი, ბატიე, ანდერსენი.

სან ანტონიომ მოიგო სერია 4:1

0.114491