გრეგ პოპოვიჩმა და მისმა “სან ანტონიომ” საკუთარ არენაზე წაგებული მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები გამოიტანეს. მათ სერიის რიგით მესამე შეხვედრაში, სტუმრად Oracle Arena-ზე ძალზე დამაჯერებელ სტილში დაამარცხეს “გოლდენ სტეიტი” 102:92 და სერიაში ლიდერობასთან ერთად მოედნის უპირატესობაც დაიბრუნეს.
“სპურსმა” ლიდერობა პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდო ტონი პარკერის შესანიშნავი გარჯის შედეგად. ფრანგი გამთამაშებელი პირველი ტაიმის განმავლობაში შეუჩერებელი გახლდათ და მეტოქეს ერთბაშად 25 ქულა უთავაზა, დენი გრინს შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, სამაგიეროდ პერსონალურად ძალიან კარგ დაცვას გვთავაზობდა სტეფ კარისა და კლეი ტომფსონზე.
მასპინძლებს შორეული ტყორცნები არ წაუვიდათ და შესაბამისად პრობლემებიც უხვად დაგროვდა მათთვის. მთელი მატჩის განმავლობაში დანკანი მეტნაკლებად წარმატებით უმკლავდებოდა დაცვაში ენდრიუ ბოგუტს, თუმცაშეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ტიმიმ ურთულესი სიტუაციიდან “ენდ ვანი” გამოაცხო და თან ავსტრალიელ ცენტრს რიგით მეხუთე პერსონალური აკიდა, რის შემდეგაც რაღათქმაუნდა ენდრიუმ სკამზე გადაინაცვლა და ამით “სან ანტონიოს” მეტოქის სამწამიან ზონაში კარები ფართოდ გაეხსნა. სტუმრებმა მორიგი მცირე გაქცევა მოუწყვეს სტუმრებს და უდიდესი საპლეიოფო გამოცდილების ხარჯზე უპრობლემოდ შეინარჩუნეს მოპოვებული უპირატესობა - 102:92.
მატჩის MVP ტონი პარკერი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 35 წუთში საკუთარ გუნდს 32 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეაწია.
სერიაში ანგარიში 2:1 გახდა “სპურსის” სასარგებლოდ და ორი დღის შემდეგ რიგით მეოთხე მატჩს კვლავ “გოლდენ სტეიტის” საშინაო არენა უმასპინძლებს.
მოქმედმა ჩემპიონმა “მაიამიმ” ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო “ჩიკაგოს” და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში უკვე წინ გავიდა 2:1.
თანაბარ ბრძოლაში გალეული სამი მეოთხედის შემდეგ “ჰიტის” მეორე ხუთეულის კალათბურთელებმა “აიწყვიტეს” ნორის კოულის თამადობით, რომელმაც რამოდენიმე მნიშვნელოვანი სროლა შეასრულა ზუსტად და ამის შემდეგ შესანიშნავი პასით ანდერსენს ჩააგდებინა 3 წამიანი ზონიდან.
“მაიამიმ” 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც რაღათქმაუნდა აღარც გაუფლანგია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა თავის სასარგებლოდ 104:94.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის მონაგარი 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. მიმდინარე პლეიოფებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა “რეპტილიად” წოდებულმა კრის ბოშმა, რომლის ანგარიშზეც სოლიდური ორმაგი დუბლი იყო - 20 ქულა, 19 მოხსნა.
“ჩიკაგოს” სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა 15 ან მეტი ქულა დააგროვა, თუმცა “ბულზის” სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმა სრულიად წააგეს უშუალო დაპირისპირება “მაიამის” მეორე ხუთეულის წევრებთან 8:36, რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც გამოდგა.
გოლდენ სტეიტი – სან ანტონიო 92:102 (23:32, 25:25, 21:22, 23:23)
გოლდენ სტეიტი: კარი (16), ტომფსონი (17), ბოგუტი (11+12მ), ეზელი, ბარნსი (12); გრინი (6), ჯეკი (11), ლენდრი (14), ლი (5), ბაზემოური, მაჩადო
სან ანტონიო: პარკერი (32), გრინი (3), სპლიტერი (4), დანკანი (23+10მ), ლეონარდი (15); ჯინობილი (12), დიაუ (9), ჯოზეფი (2), ნილი (2), ბონერი, მილსი, ბლერი
სან Aანტონიო იგებს სერიას 2:1
ჩიკაგო – მაიამი 94:104 (25:25, 25:27, 20:18, 24:34)
ჩიკაგო: რობინსონი (17), ბელინელი (16), ნოა (15+11მ), ბუზერი (21), ბატლერი (17); გიბსონი (6), ტიგი (2), მოჰამედი
მაიამი: ჩალმერსი (9), ვეიდი (10), ბოში (20+19მ), ჰასლემი (4), ჯეიმსი (25+8მ+7პ); ბეტიე (9), ალენი (4), კოული (18), ანდერსენი (5)
მაიამი იგებს სერიას 2:1