ფეხბურთი

15:11 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთული ადამიანი

აკაკი ხუბუტია: "თბილისის "დინამოს" დიდი ქომაგი ვარ"

საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია წლეულს ზამთარში გადავიდა რუსულ "მორდოვიაში" და როგორც კლუბის საიტი წერს, თავიდანვე გახდა გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი.

"წლეულს სულ სხვა "მორდოვიაა", ხუბუტიამ კი ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩები და ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია", - წერს "მორდოვიას" საიტი.

აკაკიმ მაღალი შეფასებები მიიღო "ანჟისთან" და "ზენიტთან" შეხვედრებშიც. აქვე, ხუბუტიას ინტერვიუ კლუბის საიტზე. 27 წლის ქართველი საქართველოზე და ქართულ ფეხბურთზეც საუბრობს.

 

- სარანსკს შევეჩვიე, მშვენივრად ვგრძნობ თავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია, რაც "მორდოვიაში" ვარ. საქართველო დიდი ხნის წინ დავტოვე, სხვადასხვა ქვეყნებში ვითამაშე, ამიტომაც, ადაპტაციის პრობლემა არ მექმნება. სულ წასვლა-წამოსვლაში ვარ.

- სარანსკი რით მოგეწონათ?

- ცენტრი ლამაზია, კარგი ხალხია. ერთადერთი მინუსი - ცივა. სამხრეთული ადამიანი ვარ, სითბოს მიჩვეული.

- არ ნანობთ, რომ "მორდოვიას" წინადადებას დათანხმდით? რუსეთის პრემიერლიგა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება და ხშირად უამინდობაში გიწევთ თამაში...

- პროფესიონალები ვართ და ნებისმიერ ამინდში უნდა ვითამაშოთ. სამხრეთამერიკელები და აფრიკელებიც არიან რუსულ კლუბებში. არასოდეს არაფერს ვნანობ. მშვენიერ კოლექტივში მოვხვდი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა "მორდოვიას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ყველანი დადებით შედეგზე ვფიქრობთ. ვფიქრობ, გულშემატკივრები ატყობენ, რომ ნებისმიერ მატჩში ბოლომდე ვიბრძვით. ვერც წარმოიდგენთ, ისე გვსურს ლიგაში დარჩენა. ეს სურთ მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას, რესპუბლიკის მთავრობას. გავარდნაზე არავინ ლაპარაკობს.

- როგორ გამოჩნდა "მორდოვიას" ვარიანტი?

- დიდწილად დორინელ მუნტეანუს მეშვეობით. "გაზ მეთანში" ევროპის ლიგაში ვთამაშობდი და მუნტეანუმ საქმეში მნახა. ამასთან, რუმინეთის ჩემპიონატში შეუცვლელად გამოვდიოდი, ასე რომ, ჩემზე სრული ინფორმაცია ჰქონდა. მუნტეანუს გუნდში შემთხვევითი ხალხი ვერ ხვდება და ეს მწვრთნელმაც აღნიშნა. მუნტეანუ კვიპროსულ შეკრებაზე გავიცანი და მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. ახლა მთავარია, პრემიერლიგაში დავრჩეთ. გვჯერა, ასე მოხდება, შემდეგ კი უფრო გავიზრდებით, როგორც გუნდი.

- დაოჯახებული ხართ?

- არა. ამიტომაც ვცხოვრობ ბაზაზე.

- სერბ მეგობარ მილან პერენდიას რა ენაზე ესაუბრებით?

- რუმინულად. ორივე ვთამაშობდით რუმინეთში და საერთო ენა გამოვნახეთ. ასევეა ჩერნოგორიელი ვლადიმირ ბოჟოვიჩიც, ხოლო დანიელ ოპრიცე სულაც რუმინელი გახლავთ. პერენდია და ბოჟოვიჩი რუსულს სწავლობენ, უკვე ახერხებენ საუბარს. სამხრეთ სლავური ენები რუსულს ჰგავს, ასე რომ, მალე კარგად ისწავლიან. მეც ვცდილობ, დავეხმარო.

- თუ იცით, რომ სარანსკელი მოჭიდავე ალექსეი მიშინი ამასწინათ თბილისში ევროპის ჩემპიონი გახდა?

- მიშინზე გამიგია. სასიამოვნოა, რომ მორდოვიელი ჩემს სამშობლოში გახდა ჩემპიონი.

- და მორდოვიული ძიუდო საქართველოსთან ასოცირდება. ჩვენი რესპუბლიკის მწვრთნელი გახლავთ სერგო ბადრიაშვილი, ხოლო რობერტ მშვიდობაძე რუსეთის ნაკრების წევრია.

- მათი გაცნობა მსურს. სასიამოვნოა, რომ სარანსკში ასეთი ქართველები ცხოვრობენ. ყველანი მორდოვიას ღირსებას ვიცავთ: ისინი ტატამზე, მე - მინდორზე.

- განსაკუთრებული კარიერა გაქვთ. 17 წლის ასაკში წახვედით საქართველოდან და მინსკის "დინამოში" მოხვდით. ვინ გააკეთა ეს ტრანსფერი?

- დიდი როლი ითამაშა შემთხვევითობამ. 16 წლის ასაკში საერთაშორისო ტურნირზე გამოვდიოდი ბელარუსში, სადაც საქართველოს, იუგოსლავიისა და ხორვატიის ნაკრებები გამოდიოდნენ. აგენტებმა შემამჩნიეს და კიევის “დინამოს" ვარიანტი შემომთავაზეს. წავედი უკრაინაში და 2 თვე ვვარჯიშობდი კიევის "დინამოში", თუმცა გუნდის წევრი ვერ გავხდი, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი და პროფესიული კონტრაქტის გაფორმება არ შემეძლო. უკრაინის პასპორტს მაძლევდნენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა არ მსურდა. უარი ვთქვი. ბელარუსი აგენტები კვლავ მაკვირდებოდნენ და ერთი წლის შემდეგ მინსკის "ზვეზდა-ბგუ"-ში მიმიწვიეს. ერთი წელი გავიდა და უკვე ლიტვის "კაუნასში" ვიყავი. "ზვეზდა-ბგუ"-ს მფლობელი ვლადიმირ რომანოვი იყო, რომელიც "კაუნასსაც" პატრონობდა. ამ კლუბში მოვიგე ლიტვის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ბალტიის თასი. 2009 წელს რუმინულ "გაზ მეთანში" გადავედი, ევროპის ლიგაშიც გავედით. გასულ სეზონში კი იჯარით თურქულ "სამსუნსფორში" ვიყავი.

- ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი ჩემპიონატი მოგწონდათ?

- ყველაზე ძლიერი თურქეთისაა. იქაურ საუკეთესო კლუბებში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. "სამსუნსფორშიც" კარგი გუნდი შეიკრიბა. ლიტვაში სკანდინავიურთან მიახლოებულ სტილში, ძალისმიერად თამაშობენ. რუმინეთში პირველ ადგილზე დისციიპლინა და ტაქტიკაა. დაახლოებით ასეა "მორდოვიაშიც". ბელარუსის ჩემპიონატი რაღაცით ჰგავს რუსულს, ოღონდ არა დონით, არამედ სტილით. საერთოდაც, რუსული პრემიერლიგა ულაპარაკოდ უძლიერესია ყოფილ საბჭოეთში.

- ვინ არიან თქვენი უმთავრესი გულშემატკივრები?

- მშობლები, ნათესავები, მეგობრები... სხვათა შორის, ბიძაჩემი მოსკოვში ცხოვრობს და "მორდოვიას" ამბებს ყურადღებით აკვირდება. როცა მოსკოვში ვითამაშებთ, აუცილებლად მოვა სტადიონზე შვილთან ერთად. ანუ, "მორდოვიას" დედაქალაქში ქართველებიც უქომაგებენ... მყავს უმცროსი ძმაც, რომელიც რუმინეთში ცხოვრობს. ალბათ, სწორედ ძმა გახლავთ ჩემი უპირველესი გულშემატკივარი.

- სპორტში კერპები გყავდათ?

- მომწონდა იტალიელი ალესანდრო ნესტა და ბრაზილიელი რონალდო.

- ქართველი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?

- უპირველესად, კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს. ისინი არა მხოლოდ სახელიანი ფეხბურთელები, არამედ შესანიშნავი პიროვნებებიც არიან. თუმცა, ცუდი ადამიანი კარგ ფეხბურთელად ვერც ჩამოყალიბდება. მეამაყება, რომ მათთან ერთად ვთამაშობდი ნაკრებში. კალაძე 10 წლის განმავლობაში გახლდათ "მილანის" საკვანძო ფეხბურთელი. კობიაშვილი ბრწყინავდა ბუნდესლიგაში და ახლაც წარმატებით თამაშობს "ჰერტაში".

- კალაძემ კარიერა დაასრულა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახდა...

- კახა ბრწყინვალე ადამიანია და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ სფეროშიც წინსვლა იყოს. სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი, კახას მშვენივრად ვიცნობ.

- ანდრეი შევჩენკოსთან კვლავ აქვს კონტაქტი?

- დიახ, ისინი დიდი მეგობრები იყვნენ და ახლაც ასეა. სხვაგვარად ვერც იქნება: ანდრეი და კახა პოსტსაბჭოეთის საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

- საქართველოს ჩემპიონატს თვალს ადევნებთ?

- რა თქმა უნდა. თბილისის "დინამოს" დიდი ქომაგი ვარ. "დინამოს" სკოლაში გავიზარდე და კარიერა ამ გუნდში დავიწყე. "დინამო" საქართველოს და პოსტსაბჭოეთის სახალხო გუნდია. თბილისური კლუბი ხომ საერთაშორისო სარბიელზეც მშვენივრად გამოდიოდა და 1981 წელს თასების თასი აიღო.

- თბილისურ კლუბს ქომაგობთ, თუმცა სოხუმში დაიბადეთ...

- ძალიან სამწუხაროა რაც სოხუმში მოხდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. პოლიტიკაში შეჭრა არ მსურს. ფეხბურთელი ვარ და ომს არავისთან ვაპირებ. ჩემი საბრძოლო ადგილი საფეხბურთო მინდორია. საწყენია, რომ ადამიანები ზოგჯერ იარაღს იჭერენ ხელში.

- თქვენი ახლობელი ადამიანების ბედი? სოხუმი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ცენტრი იყო და სერიოზულად დაზარალდა...

- მადლობა ღმერთს, მშობლები გადარჩნენ, ჯანმრთელად არიან და თბილისში ცხოვრობენ. ისინი სოხუმიდან წავიდნენ, როცა დავიდარაბა დაიწყო. როგორც მე, ასევე ჩემს მშობლებსაც არ სჭირდებოდათ ეს ომი. ორი აფხაზი მეგობარი მყავს. არდადეგებისას ყოველთვის ვხვდებით, ერთად ვისვენებთ. კარგი ოსი ნაცნობებიც მყავს. ვმეგობრობ ასევე ბელარუსებთან, რუსებთან, უკრაინელებთან... ვაფასებ ადამიანებს და არა ეროვნებას. ცუდი პიროვნებები ყველგან არიან. საბედნიეროდ, უფრო კარგები მხვდებიან.

- საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი ფეხბურთელები. ნაკრები რატომ ვერ აღწევს კარგ შედეგს?

- ეს რომ ვიცოდე, დიდი ხნის წინ ვეტყოდი ნაკრების მწვრთნელებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოს ნაკრებიც მიაღწევს წარმატებას. ნეტავ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს - სანამ ეროვნული გუნდის ღირსებას ვიცავ.

0.134818