სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2013 წლის ოთხი ერის დასკვნით მატჩში ურთულესი ამოცანის გადაჭრა და თასის მოპოვება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა ოთხი ლელო კი გაიტანეს და პრემიალური ქულა ჩაიწერეს, რაც მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ პასუხად ახალი ზელანდიისგან ხუთი ლელო მიიღეს და 27:38 დამარცხდნენ.
ფინალის ტოლფასი თამაში კარგი სანახავი გამოდგა. დებიუტში “ოლ ბლექსი” აქტიურობდა, მაგრამ ანგარიში მე-8 წუთზე მორნი სტეინმა ჯარიმით გახსნა. სტუმრებმა მალევე ღირსეული პასუხი გასცეს. კიარან რიდის კარგი თამაშის შემდეგ, დაფარული პასი ბენ სმიტმა მიიღო, ფლანგზე გაიქცა და ლელო გაიტანა. ეს მისი მე-8 ლელო იყო ოთხი ერის წლევანდელ სეზონში და ამ მაჩვენებლით ტურნირის და მისი წინამორბედი - სამი ერის საუკეთესო მელელოვე გახდა. აარონ კრუდენმა გარდასახვა გამოიყენა და ზელანდიელები 7:3 დაწინაურდნენ.
ამას აფრიკელთა აფეთქება და ორი ლელო მოჰყვა. პირველ ჯერზე მასპინძელთა 8 ნომერმა დეინ ვერმაულენმა ითამაშა კარგად და ფლანგზე უსწრაფესი ბრაიან ჰაბანა გააქცია, რომელმაც ჩათვლის მოედანში მბოჭავი გააბითურა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ორიოდე წუთში მან ფეხით გადაიკიდა ბურთი, მას თავადვე დაეუფლა და დუბლი შეასრულა. შტეინმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და სამხრეთ აფრიკა 15:7 დაწინაურდა.
კიდევ ორ წუთში ჰაბანამ ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ 22-ში დაიჭირა, მაგრამ კუნთი გაიჭიმა და შესასვლელი შეიქმნა. ეს პირველი უბედურება იყო, რომელიც იმ დღეს მასპინძლებს თავს დაატყდათ. 25-ე წუთზე ზელანდიელებმა ლელოთივე უპასუხეს. ლიამ მესამიმ ბურთი რაქიდან ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში აიტაცა და თანაგუნდელის დახმარებით ხაზი გადაკვეთა, ხოლო კრუდენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. აფრიკელებმა ჯარიმები კარში არ დაარტყეს და ლელოს გატანაზე ითამაშეს, მაგრამ იერიში უქულოდ დასრულდა, შესვენებამდე წუთნახევრით ადრე კი, მათ უილიამ ალბერტსიც დაკარგეს. პირველი ტაიმის დამატებული წუთები მიდიოდა, როდესაც ლიამ მესამიმ მეორე ლელო მიითვალა და კრუდენმა გარდასახვით ზელანდიელებს ტაიმი 21:15 მოაგებინა.
დაიწყო მეორე ტაიმი და მესამი სინბინით დაისაჯა, რასაც ერთ წუთში უილიამ იაკობს ლე რუს ლელო მოყვა, ხოლო შტეინმა გარდასახვა გაიტანა და სამხრეთ აფრიკა 22:21 დაწინაურდა. ზელანდიელებმა ლიდერობა 54-ე წუთზე შეცვლაზე შესული ბადენ ბარეტის ჯარიმით დაიბრუნეს, მაგრამ საპასუხო შეტევისას ჟან დე ვილერსმა მასპინძელთა მეოთხე ლელო გაიტანა და მათ პრემიალური ქულა დაუბევა. ახლა საჭირო იყო, რომ სამხრეთ აფრიკას მეტოქე 7 ქულაზე მეტი სხვაობით დაემარცხებინა და თასიც მისი იქნებოდა, მაგრამ შტეინს გარდასახვა რომ გაუფუჭდა, მერე “ბოკემ” ქულის აღებაც ვერ მოახერხა.
სამაგიეროდ, მე-60 წუთზე ბარეტმა გაიბრწყინა. მან ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 28 მეტრში მიიღო ბურთი, მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე მბოჭავი ჩამოიცილა და ლელო გაიტანა. რადგან ეს ზელანდიელთა მე-4 ლელო იყო, პრემიალური ქულა მათაც დაიბევეს და აქვე გადაწყდა, რომ თასი “ოლ ბლექსის” საკუთრება იქნებოდა, მაგრამ სტუმრები არ მოდუნდნენ. ბარეტმა გარდასახვა თავადვე გამოიყენა და მისი გუნდი 31:27 დაწინაურდა. მალე ბენ ფრენქსი სინბინით დაისაჯა, მაგრამ კაცნაკლულმა ზელანდიელებმა 64-ე წუთზე ფლანგზე უპირატესობა მოიპოვეს და კარგი იერიში კიარან რიდის ლელოთი დასრულდა, ბარეტმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 38:27.
მეორე მატჩში გასარკვევი ის იყო, მოახერხებდა თუ ვერა აეგენტინის ნაკრები ოთხ ერზე პირველი გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ავსტრალიის ნაკრებმა საუცხოო მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 54:17 იმარჯვა. სტუმრებმა შვიდი ლელო მიითვალეს, ხოლო ისრაელ ფოლაუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. “კენგურუებმა” პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანეს და 25:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე დაცვაში შეცდომა დაუშვეს და ტაიმი 25:10 მოიგეს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში გუნდებმა ლელო-გარდასახვები გაცვალეს, მერე ავსტრალია მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ამ პერიოდში ჯარიმით ქულა თავად აიღო, დასკვნით 20 წუთში კი, სამი ლელო მიითვალა და გულშემატკივარი გაახარა.
2013 წელი. რაგბის ჩემპიონშიპი (ოთხი ერი)
მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 27:38
არგენტინა - ავსტრალია 17:54
1 | ახალი ზელანდია | 6 |
6 |
0 |
0 |
202-115 |
28 |
2 | სამხრეთ აფრიკა |
6 | 4 | 0 | 2 | 203-117 |
19 |
3 | ავსტრალია |
6 | 2 | 0 | 4 | 133-170 |
9 |
4 | არგენტინა |
6 | 0 | 0 | 6 | 88-224 |
2 |