- მადრიდული მატჩი თქვენთვის პირველი საჩემპიონთალიგო ფინალი არაა. ამით, უპირატესობა გაქვთ იმ მოთამაშეებთან, რომლებიც ამ დონის შეხვედრას პირველად ჩაატარებენ?
- არ მგონია. წინა 2 ფინალი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩავატარე. ამჯერად, სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. “ბაიერნი” ისეთივე მკაცრ გამოცდას მომიწყობს, როგორც ნებისმიერ ინტერელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში აქამდე არ უასპარეზია.
- როგორ გგონიათ, მესამედაც დაეუფლებით ჩემპიონთა ლიგის თასს?
- “ბაიერნი” ძალიან ძლიერი გუნდია. ამის მიუხედავად, ჩემი და პარტნიორების ამოცანა მხოლოდ გამარჯვებაა. წინა ფინალები კი, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დროის გარკვეულ პერიოდში, დავიწყებული მექნება. არასდროს მიცხოვრია წარსულით – ჩემი მიზანი, ყოველთვის მომდევნო მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებაა.
- გულშემატკივართა და სპეციალისტთა არცთუ მცირე ნაწილი, “ინტერისადმი” სკეპტიკურადაა განწყობილი და მისეული თამაშის სტილი არ მოსწონს. ამის მიუხედავად, თუნდაც წელს, უკვე იტალიის დუბლი გაახერხეთ. რის ხარჯზე შეძელით სკუდეტოსა და ეროვნული თასის დაპატრონება?
- უპირველესად, ჟოზე მოურინიოს ღვაწლს გამოვარჩევდი. პორტუგალიელი უნიკალური სპეციალისტი და ბრწყინვალე ადამიანია. საქმეს იგი მეტად პროფესიულად, მთელი სერიოზულობით უდგება, რაც გუნდის წევრების ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს. სეუ ჟოზე ამბობს, “განუმეორებელი” ვარო და მერწმუნეთ, ასეცაა.
- ამბობენ, “ბაიერნის” ფინალამდე გაღწევა, ლამის, მთლიანად ლუის ვან გაალის დამსახურებააო. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- ნაწილობრივ. ცხადია, ჰოლანდიელის სამწვრთნელო კვალიფიკაციას ოდნავადაც არ ვაკნინებ, მაგრამ ფეხბურთელებმაც მის ნააზრევს მინდორზე ხორცი სათანადოდ შეასხეს. ასე რომ, მიუნხენელთა წარმატება მთლიანი კოლექტივის დამსახურებაა.
- ეს, ალბათ, ასეა, მაგრამ “ბაიერნსაც” ხომ ჰყავს წამყვანი ფეხბურთელები. თქვენ ვის მიიჩნევთ ასეთებად?
- ჩემს ყოფილ თანაგუნდელ მარკ ვან ბომელს. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი მაღალი კლასის მოთამაშე მინახავს, მარკი ერთ-ერთი მათგანია. ჰოლანდიელი, მებრძოლი ტიპის ფეხბურთელია, ნებისმიერ მატჩში ბოლომდე იხარჯება და მოწინააღმდეგეს არაფერს უთმობს ხოლმე.
- “ნერაძურის” ქომაგები დარწმუნებულები არიან, თქვენი გამოცდილება მათ საყვარელ გუნდს ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში რომ დაეხმარება...
- კარგად მესმის, გულშემატკივართა თაობები რომ ოცნებობდნენ “ინტერის”, ლამის, ნახევარსაუკუნოვანი ტრიუმფის გამეორებაზე. ამიტომაც, რა უფლება მაქვს, საერთო წარმატების მიღწევისთვის ბოლომდე არ დავიხარჯო.
- რა რჩევას მისცემთ იმ ინტერელებს, რომლებიც პირველად გავლენ საჩემპიონთალიგო ფინალში საპაექროდ?
- ჩემი რჩევა მათ არ სჭირდებათ - ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის უჩემოდაც განეწყობიან.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ