ინტერვიუები

19:54 | 23.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია” უმაღლესისთვის განახლებულ სტადიონზე იბრძოლებს

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი აუტში დღესდღეობით დაუმარცხებლად ერთადერთი გუნდი თამაშობს. ეს გუნდი "სამტრედიაა”, რომელიც A ჯგუფში მხოლოდ ჭიათურის "მაღაროელს” ჩამორჩება. არადა, თუ გახსოვთ, გათამაშების წინასწარ ეტაპზე სამტრედიელებს უკიდურესად უჭირდათ. გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში "სამტრედია” გია ბენდელიანს ჩააბარეს, მწვრთნელს, რომელსაც მანამდე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. ახალი დამრიგებლის მოღვაწეობის შედეგი სახეზეა. "სამტრედიამ” აუტსაიდერობას თავი დააღწია და მეტიც, ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. როგორც აღვნიშნეთ, პლეი აუტში გუნდს საერთოდ არ წაუგია. სამტრედიელებმა ოთხი მატჩი მოიგეს და სამი ფრედ დაასრულეს, ამასთან, ერთადერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.
- გია, რა შეიცვალა გუნდში თქვენი მოსვლის შემდეგ?
- "სამტრედიაში” გასული წლის 15 ოქტომბრიდან ვმუშაობ, ამ გუნდის თავკაცობა ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაცაა. ერთიანი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხერხდა მდგომარეობის გამოსწორება. სეზონის დაწყებამდე გაძლიერებაზე ვიზრუნეთ. რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ: გიორგი მელქაძე "ვიტ ჯორჯიადან”, მიხეილ როსტიაშვილი "ტორპედოდან”, აკაკი დვალიშვილი, ზურაბ რაზმაძე და მეკარე დავით კეკელიძე "გურიადან”. დაგვიბრუნდნენ სამტრედიაში აღზრდილი ფეხბურთელები - გიგა ჟვანია ბათუმის "დინამოდან” მოვიდა ჩვენთან, ხოლო მურად გოგიშვილი - "მერანიდან”. ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, თუმცა, ცხადია, წინა შემადგენლობიდანაც შევინარჩუნეთ მოთამაშეები, მათ შორის პაატა ბაკარანძე, დავით ჩხიკვაძე, ლაშა ხაჭაპურიძე, ირაკლი ხვადაგიანი და სხვები. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი კოლექტივი შეიკრა. ბიჭები ყველა თამაშზე მაქსიმალურად ინდომებენ. მოსამზადებელი პერიოდი ადგილზე ნორმალურად გავიარეთ. საწვრთნელ პროცესში შეფერხება არ გვქონია.
- საჯაროდ გაცხადდა, რომ ერთჯერადი დახმარების სახით, სამტრედიის სპორტულ კომპლექსს, რომელშიც სტადიონიც შედის, "ვისოლ ჯგუფი” მოაწესრიგებს...
- მართალია, სწორედ ამას უკავშირდებოდა მხარის გუბერნატორის და "ვისოლ ჯგუფის” მესვეურთა ამასწინანდელი სტუმრობა. საკითხი გადაწყვეტილია, სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება.
- კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს?
- რამდენადაც ვიცი, მოწესრიგდება მინდვრის საფარი, კეთილმოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, ტრიბუნაზე დამონტაჟდება ახალი ინდივიდუალური სკამები. დამეთახმებით, ეს ცოტა არაა.
- საკუთრივ კლუბს კი ისევ გამგეობა დააფინანსებს?
- ჯერჯერობით ასეა და მერე ვნახოთ. სამტრედიის ხელმძღვანელობა შესაძლებლობის ფარგლებში არაფერს იშურებს გუნდის საკეთილდღეოდ, ყველა დაინტერესებულია კლუბის წინსვლით.
- საკუთარ თავზე საუბარს ყოველთვის ერიდებით, მაგრამ რაღაც მაინც გვითხარით...
- ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, საკუთარ თავზე ბევრი რომ ვილაპარაკო. სოხუმელი ვარ, 38 წლის. ფეხბურთი მხოლოდ ეზოში თუ მითამაშია. დევნილობიდან სამტრედიაში ვცხოვრობ. მწვრთნელობა 21 წლის ასაკში დავიწყე. "ოკეანეში”, "ლოკომოტივში”, "ოლიმპიკში” კახა ელაშვილის თანაშემწე ვიყავი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- ლიცენზირება გავლილი გექნებათ...
- B კატეგორიის დიპლომი მაქვს.
- გუნდის გაწვრთნაში ვინ გეხმარებათ?
- სამნი ვმუშაობთ: ლერი მეგენეიშვილი და ირაკლი შენგელია მეხმარებიან.
- თქვენი ნათქვამიდანაც ჩანს, "სამტრედია” ძირითადად მოწვეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს არცთუ გამართლებული ტენდენციაა...
- გეთანხმებით. მაგრამ დღესდღეობით სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება მომავალს, აქ უფრო იმედიანად ვართ. სამტრედიაში ნიჭიერი ბიჭები იზრდებიან. მათ ვაკვირდებით და უახლოეს პერიოდში შევსებას სწორედ ადგილობრივი კადრებით ვაპირებთ.
- სამტრედიის გუნდები საერთოდ არ მონაწილეობენ იმერეთის რეგიონის ბავშვთა ასაკობრივ შეჯიბრებებში. რა არის ამის მიზეზი?
- ვიცი ამის შესახებ და ეს ძალიან ცუდია. სამტრედიაში ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელებისგან მსმენია, რომ ამ ტურნირებში გამოსვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, აჭარა-გურიის მასშტაბით კი, ანალოგიური ტურნირები შეღავათიანია და ჩვენი გუნდებიც იქ თამაშს ამჯობინებენ.
- ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების არსებულ სისტემაზე რას გვეტყვით?
- რა უნდა ვთქვა, არ მგონია, გათამაშების ეს სისტემა ვინმემ დადებითად შეაფასოს. რეგლამენტი განსაკუთრებით პირველი ლიგის გუნდებისთვის გამოდგა არახელსაყრელი. უბრალო მაგალითისთვის, ჭიათურის "მაღაროელმა” წინასწარ ეტაპზე იმდენი ქულა დააგროვა, რომ პლეი აუტში თამაშის არანაირი სტიმული აღარ დარჩა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ კლუბების ბიუჯეტს და ინფრასტუქტურას, უმაღლესი ლიგის გუნდები პირველლიგელებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. გამონაკლისი `ჩიხურაა”.
- კარგი, ამ სეზონს ჩაამთავრებთ, სამომავლოდ რა მიზანს ისახავთ?
- სამტრედია მდიდარი ტრადიციების ქალაქია. აქ დიდს თუ პატარას, ყველას უყვარს ფეხბურთი. ქომაგი ნამდვილად არ გვაკლია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ.
- ქომაგი ახსენეთ. ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის, სამტრედიელი ქომაგი ყველაზე ემოციურიაო, გადაჭარბებულად ემოციურიც...
- ემოციურობაში ცუდი არაფერია. მთავარია, ტრიბუნაზე წესრიგი იყოს დაცული და დიდი ემოციებიც მისასალმებელია, ოღონდ არაზღვარგადასული.
 

იუზა კაციტაძე

 

0.183648